გიორგი ჭიაბრიშვილი - უმაყურებლოდ, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე ვთამაშობთ
გიორგი ჭიაბრიშვილი - უმაყურებლოდ, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე ვთამაშობთ

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმაევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა, რომელზეც „ლოკომოტივი“ რუმინულ კლუბს, კრაიოვას „უნივერსიტატეას“ შეხვდა.

„დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ არ გვქონია რომელიმე კონკრეტული გუნდის მოლოდინი და ყველა პოტენციურ მეტოქეს ერთნაირად ვუდგებოდით. შეგვხვდა ის, ვინც შეგვხვდა. ჩვენი მეტოქის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ რუმინეთის ჩემპიონატში ეს გუნდი მეორე ადგილზეა. მათ რიგებში თამაშობენ რუმინეთის, ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელები. ჰყავთ საკმაოდ კარგი მეკარე, რომელიც იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა“ – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, სახლში თამაში ასეთ ძლიერ გუნდთან განსაკუთრებულ უპირატესობას არ იძლევა:

„დღეს, გორის „დილასთან“ სერიოზული თამაშისთვის ვემზადებით და ახლა მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებული. ამის შემდეგ, გველის „სამტრედიასთან“ დაპირისპირება. ამ თამაშების მერე, ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ვნახავთ „კრაიოვას“ თამაშებს და მაქსიმალური მობილიზებით მოვემზადებით. ამ მოცემულობაში, სახლში თამაში მე უპირატესობა არ მგონია, რადგან მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. თან, ჩვენს საშინაო არენაზე არ ვთამაშობთ და ჩვენთვისაც ისეთივე მატჩი იქნება ნეიტრალურ მოედანზე, როგორც ჩვენი მეტოქისთვის“.