გიორგი ჭიაბრიშვილი ბათუმის „დინამოს“ განცხადებაზე - არც გვიფიქრია, რომ ეს „საბურთალოზე“ იყო ნათქვამი
გიორგი ჭიაბრიშვილი ბათუმის „დინამოს“ განცხადებაზე - არც გვიფიქრია, რომ ეს „საბურთალოზე“ იყო ნათქვამი
„მნიშვნელოვანი თამაში იყო. მიმაჩნია, რომ ჩემმა გუნდმა ცუდად ითამაშა და „დილამ“ დამსახურებულად გაიმარჯვა და წარმატებებს ვუსურვებ. დღეს ჩვენთვის ეს გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ მიმაჩნია, რომ ცუდად ვითამაშეთ“ – განაცხადა „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გორში „დილასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ .
 
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „დილასთან“ წააგო (0:2), ისევ 61 ქულის ამარა დარჩა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ფინიშამდე სამი ტურით ადრე საჩემპიონო ბრძოლაში კონკურენტებს, თბილისის „დინამოს“ (66 ქულა) და ბათუმის „დინამოს“ (64 ქულა) ჩამორჩა.
ჭიაბრიშვილმა კომენტარი ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელთა განცხადებაზეც გააკეთა, რომლებმაც ბოლო ტურში საჩხერის „ჩიხურასთან“ ცუდი მსაჯობა ერთ-ერთი კონკურენტის დაინტერესებას დაუკავშირეს.
„პირადად მე ამას ბრალდებას არ დავარქმევ. რაც ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ეს იმ ადამიანების გულისტკივილი იყო. „საბურთალო“ ფეიარ-პლეის პრინციპების დაცვით გამოირჩევა. ამიტომ არანაირად არ გვიფიქრია, რომ ეს ჩვენზე იყო ნათქვამი. ამიტომ ვინც საკუთარ თავზე მიიღო, იმან გასცეს პასუხი. ეს ჩვენ საერთოდ არც გვეხება“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.