გიორგი ჭანტურიას დაცვის მხარე სასამართლოზე მის გათავისუფლებას მოითხოვს
გიორგი ჭანტურიას დაცვის მხარე სასამართლოზე მის გათავისუფლებას მოითხოვს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ დღეს სასამართლოსგან ჭანტურიას გათავისუფლებას მოითხოვენ.

„გადმომეცა საქმის მასალები, თუმცა ამ დრომდე სრულად ვერ მოვასწარი გაცნობა, ძალიან ბევრი მასალაა, ბევრი დეტალია. რამდენად შევძლებ, სასამართლომდე მოვასწრო გაცნობა, საკითხავია.

სასამართლოზე მოვითხოვთ, აღკვეთის ღონისძიების სახით საერთოდ არაფერი იყოს გამოყენებული. ასევე, თუ სასამართლო მაინც ჩათვლის, რომ თუ შესაძლებელია, არსებობდეს რაღაც რისკები, ჩვენ მას შევთავაზებთ გირაოს 10 000 ლარის ოდენობით“, – აცხადებს ადვოკატი.

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რუსთავის საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს.

ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება – განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა.

უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი