გიორგი ჭანტურია - ვერ ვხედავ საფუძვლებს, რომ ციხეში ვიჯდე 
გიორგი ჭანტურია - ვერ ვხედავ საფუძვლებს, რომ ციხეში ვიჯდე 

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიებად მისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.

ჭანტურიას თქმით, მან პირველად დაკავების შემდეგ დატოვა ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ საშუალება ჰქონდა სხვა ქვეყანაში დარჩენილიყო, ჩამოვიდა. ამასთან, როგორც ის აცხადებს, საქმის არც ერთ მოწმესთან არ მისულა და არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია.

„არ განვიხილავთ ბრალდების საკითხს, განვიხილავთ აღკვეთს. საფუძველია, თითქოს, მივემალები გამოძიებას და ჩემი თავისუფლება ხელს შეუშლით ჭეშმარიტების დადგენაში. აფიქსირებენ, რომ მოწმეებთან გამაჩნია ნაცნობობა. ხალხი, ვინც დღეს დაკითხულია, მაშინაც დაკითხეს, როცა ადრე დამაკავეს და გამიშვეს. ცნობილი იყო მათი ჩვენებები. იმის შემდეგ ამდენი თვეა გასული. ერთ მოწმეს ვერ ნახავთ, ვისთანაც მივედი და რამე ვუთხარი, მცდელობაც არ მქონია. ხელი რითი უნდა შევუშალო? ქვეყანა დაკავების მერეც დავტოვე, მქონდა საშუალება დავრჩენილიყავი, ვიცოდი, რომ მითვალთვალებდნენ, ფოტოებიც მაქვს ამათი დევნის. ეს ხომ ჩემთვის ახალი არ იყო. მიზანია, თავის არიდების შიშით გაიქცევაო, მაგრამ პირიქით ვიყავი და დავბრუნდი. მე ვერ ვხედავ საფუძვლებს, რომ ვიჯდე ციხეში“, – განაცხადა ბრალდებულმა.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.