გიორგი ჭანტურია – ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ვერანაირი რეპრესიული სარჩელები ვერ შეუშლის ხელს

12:27, 21.09.2026

სარჩელი ჩვენ წაკითხული არ გვაქვს, მაგრამ ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი ამ სარჩელში ვერ იქნება წარმოდგენილი, ჩვენს არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ჭანტურიამ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

ჭანტურიას თქმით, მათ პარტიას ყველა კანონის და ქვეყნის მოქალაქეების წინაშე ყველანაირი ვალდებულება აქვს შესრულებული.

„ჩვენი პარტია წარმოდგენილია პარლამენტში, საკრებულოებში, შესაბამისად, ეს არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სარჩელი, რომელიც განკუთვნილია პოლიტიკური პარტიის გაუქმებისთვის, თავად არის არაკონსტიტუციური. „ქართული ოცნების“ მიზნები და ამოცანები ყველანაირ ლოგიკასაა მოკლებული. მაგრამ, რა თქმა უნდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რომ გადავხედოთ „ქართული ოცნების“ რეპრესიულ ნაბიჯებს, ყველაფერს აკეთებენ, რომ განსხვავებული აზრი ჩაახშონ. ეს ეხებათ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ისე პოლიტიკურ პარტიებს.

„ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა დღეის მოცემულობით ამ სარჩელიდან გამომდინარეც, არის განსხვავებული აზრის ჩაკვლა ქვეყანაში. ჯერ დაიწყო მოქალაქეებით, მათ იჭერდა, აჯარიმებდა, ახლა კი უკვე მიადგა პოლიტიკური პარტიებს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. „ოცნებას“ თუ ჰგონია, რომ ამ სარჩელებით და რეპრესიებით განსხვავებულ აზრს ჩაახშობს, ეს არის წარმოუდგენელი. განსაკუთრებით 2026 წელს, როცა ყველაფერი ვირტუალურია, არ არსებობს, განსხვავებული აზრი რეპრესიებით ჩაახშო. მჯერა, რომ ეს გზა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არის საკუთარი პოლიტიკური ძალის დასრულების უფრო ხანმოკლე გზა.

ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ვერანაირი რეპრესიული სარჩელები ვერ შეუშლის ხელს. ვინმეს თუ ჰგონია „ოცნებაში“, რომ თუნდაც, დააკმაყოფილოს სასამართლომ ეს სარჩელი და მართლა აიკრძალოს, ჩვენი პოლიტიკური გუნდი გაჩუმდება და გაქრება? ეს ასე არ მოხდება“,- განაცხადა ჭანტურიამ.

„ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს. „ქართულ ოცნებას“ უკვე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

მსგავსი