გიორგი ჭანიშვილი - გრიგალაშვილისა და კასეს ბრძოლის მერე ყველა აღნიშნავდა, რომ მსგავსი დონის შეხვედრა დიდი ხანია არ უნახავთ #1TVSPORT
გიორგი ჭანიშვილი - გრიგალაშვილისა და კასეს ბრძოლის მერე ყველა აღნიშნავდა, რომ მსგავსი დონის შეხვედრა დიდი ხანია არ უნახავთ #1TVSPORT

28 ოქტომბერი ძიუდოს საერთაშორისო დღეა. დღეს სპორტული თოქ-შოუესტაფეტას“ სტუმარი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიქტორი გიორგი ჭანიშვილი იყო, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობისა და ზოგადად თანამედროვე ძიუდოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა.

„1860 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა ძიუდოს დამფუძნებელი ჯიგორო კანო და სწორედ კანოს საპატივცემულოდ ამ დღეს დაწესდა ძიუდოს საერთაშორისო დღე. ძიუდო იყო პირველი იაპონური ორთაბრძოლის სახეობა რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. კანოს ერთ-ერთი ძეგლი არის კოდოკანის წინ, ეს არის მის მიერ დაარსებული ძიუდოს შემსწავლელი სკოლა და მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც რამდენჯერმე კოდოკანში ყოფნის შესაძლებლობა მომეცა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მესვეურები ყოველწლიურად ირჩევენ სლოგანს და ამჯერად წლის სლოგანი არის „ჩართულობა“.

საქართველოსთვის ამ დევიზის გამოძახილი იქნება ის, რომ ჩვენ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრზე გამოვიდეთ, ამისათვის კი საჭიროა ჩვენმა გოგონებმა სამივე წონაში ლიცენზია მოიპოვონ.

წელს, ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა და თუკი ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილი არის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ჩემპიონი, ტატო ყველაზე ახალგაზრდა ქართველია ვინც დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.

მსოფლიო ჩემპიონატზე დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიის შემდეგ, როგორც ტატომ მითხრა, მასთან თურმე მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა იასუჰირო იამაშიტა მივიდა – მე ხელი გავუწოდე, მაგრამ მხოლოდ ეს არაო,  გადამეხვია და მითხრაო – „ის რაც შენ დღეს ტატამზე აჩვენე, აი ეს არის ნამდვილი ძიუდოო“, – ტატოსა და ბელგიელ მატიას კასეს შორის დასრულებული ფინალური ორთაბრძოლის შემდეგ დარბაზში თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ მათ მსგავსი დონის შეხვედრა ძალიან დიდი ხანია არ უნახავთ. გარდა იმისა, რომ ორივე ძალიან ძლიერი სპორტსმენია უშუალოდ მათი დაპირისპირება სანახაობრივადაც ძალიან საინტერესოა, მათი ყველა პაექრობა სამკვდრო სასიცოცხლო ორთაბრძოლის ტოლფასია. შარშან ყველა ტურნირზე ბელგიელმა მოგვიგო წელს კი ტატომ რევანშის აღება შეძლო და კასეს ჯერ ევროპის, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოუგო.

ძიუდოს სამყაროს წარმომადგენლებს ყოველთვის უხარიათ როდესაც ქართველი გოგონა არის საპრიზო სამეულში. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედით აბუ დაბიდან და არ მიწყენენ ბიჭები თუ ვიტყვი, რომ ეთო ლიპარტელიანის და სოფიო სომხიშვილის წარმატებამ ძალიან გამახარა და მათ უფრო მეტად ვგულშემატკივრობდი. პირველად მოხდა, რომ გრანდ სლემზე ორი ქართველი გოგონა საპრიზო სამეულში მოხვდა.

რამდენიმე დღეში მივდივართ ბაქოში, სადაც დიდი სლემის გათამაშება გაიმართება, ასევე ბაქოში ჩატარდება უსინათლოთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი და იმედია, აქაც იქნება წარმატება.

26 ნოემბერს გორში იქნება ძიუდოს ნამდვილი ზეიმი, გორი უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის საკლუბო გათამაშებას და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ძლიერი გუნდები ჩამოვლენ, მათ შორის ქალი ძიუდოისტები. ფრანგებმა უკვე დაასახელეს შემადგენლობა, კოსოვო იქნება უძლიერესი სპორტსმენებით წარმოდგენილი.

ნოემბერში საფრანგეთში ჩატარდება ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატი, დეკემბერში ტოკიო კვლავ გრანდ სლემის გათამაშების მასპინძელი იქნება, ეს შეჯიბრი რამდენიმე წლის განმავლობაში ოსაკაში ტარდებოდა, წლევანდელ სეზონს კი დაასრულებს მასტერსის გათამაშება და ეს იქნება იერუსალიმში – მჯერა, რომ ძიუდოს სამყარო აქ ნამდვილ დღესასწაულს იხილავს.“