ტოკიო 2020 | ჭიდაობა ძიუდო და გიორგი ჭანიშვილის ქართული ოლიმპიური ხმა #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ჭიდაობა ძიუდო და გიორგი ჭანიშვილის ქართული ოლიმპიური ხმა #1TVSPORT

ქართული სპორტის ისტორიაში პირველად ჟურნალისტი გიორგი ჭანიშვილი იქნება ის, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს კომენტატორად იმუშავებს. ეს არის უდიდესი აღიარება, რადგან მსგავსი რანგის შეჯიბრზე იყო დიქტორი, ეს არა მარტო საკუთარი ძალის წარმოჩენაა, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტია.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მესვეურები გიორგი ჭანიშვილს წლების განმავლობაში თბილისის გრან-პრის მსვლელობისას აკვირდებოდნენ და ასე ეტაპობრივად, განვლილი გზის შედეგად ხვალიდან ის ჭიდაობა ძიუდოს ქართული ოლიმპიური ხმა იქნება. 

როდესაც ქართველი ჭიდაობს ძალიან ღელავს, მაგრამ პროტოკოლით აკრძალულია, მან ეს ემოცია საჯაროდ გამოხატოს. ამ დროს გიორგის მზად აქვს მუსიკალური გზავნილიც, რომელიც გამარჯვების შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზში ჟღერს და თუკი ჩვენებური წარმატებულია, გიორგი ჭანიშვილიც გამარჯვებას მისეული ემოციური სიდინჯით ზეიმობს.

ძალიან რთული იქნება ცარიელ დარბაზში ჭიდაობა, გულშემატკივარს აქვს ის დატვირთვა რაც თანამედროვე სპორტში შეუცვლელია, მაგრამ აქ პანდემიის გამო სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. დღეს ამ ფორმატის შეჯიბრებები უფრო სატელევიზიო პროექტებად იქცა.

ძალიან რთულია ის რეგულაციები, რაც დარბაზში შესვლამდე აუცილებლად უნდა დაიცვა, მაგრამ სხვა გზა არ არის.

განსაკუთრებული სისუფთავე იქნება, რადგან ყოველ ერთ საათში ერთხელ ყველა ტატამი საგანგებოდ უნდა გაიწმინდოს.

ძიუდოს სამყარო დღეს უკვე მზად არის ოლიმპიური თამაშები ამ ფორმით ჩატარდეს, რადგან სპორტული თვალსაზრისით განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა.

„ჯერ მაინც მშვიდი ღამეები გვაქვს ტოკიოში, ოლიმპიური ცეცხლის დანთებამდე და ძიუდოს დაწყებამდე“, – დღეს დილით დაწერა გიორგი ჭანიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ცეცხლი დაინთო, ჭიდაობა ძიუდოში კი შეჯიბრი ხვალ საქართველოს დროით დილის 06.00 საათზე დაიწყება.

60 კგ წონით კატეგორიაში ქართველთაგან პირველი ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებს, მსოფლიო ჩემპიონი „c“ ჯგუფში მოხვდა და პირველ წრეში თავისუფალია. მეორე წრეში ჩხვიმიანი ინგლისელ ეშლი მაკენზიესა და აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შორის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, ისიც რომ ამავე წონაში რუსეთის სახელით რობერტ მშვიდობაძე, ხოლო საფრანგეთის სახელით ლუკა მხეიძე იასპარეზებენ.