გიორგი ჩალაძე - რომან გოცირიძეს შეუძლია, აკეთოს რაც უნდა, მისით არ ვინტერესდები, ადამიანის სიტყვას უნდა ჰქონდეს წონა და ძალიან ცუდია, თუ ამას კუპონის წონა ექნება
გიორგი ჩალაძე - რომან გოცირიძეს შეუძლია, აკეთოს რაც უნდა, მისით არ ვინტერესდები, ადამიანის სიტყვას უნდა ჰქონდეს წონა და ძალიან ცუდია, თუ ამას კუპონის წონა ექნება

ბატონ რომან გოცირიძეს შეუძლია, აკეთოს რაც უნდა, მისით საერთოდ არ ვინტერესდები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განუცხადა.

ჟურნალისტმა ჩალაძეს კითხვა დაუსვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც გოცირიძემ აღნიშნა, რომ ჩალაძის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებით პროცესებმა კომიკური სახე მიიღო.

„საერთოდ არ მაინტერესებს ბატონი რომანი, ხანდაზმულია თუ არა, ეიჯიზმით არ ვარ დაკავებული, არ მაინტერესებს მისი აზრები. საერთოდ ადამიანის სიტყვას უნდა ჰქონდეს წონა და ძალიან ცუდია, თუ ამ წონას კუპონის წონა ექნება. ჩემი სტილი არ არის „ფეისბუქის“ კომენტარებში სირბილი. მე ჩემი განაცხადი გავაკეთე, ჩემი სამუშაო ადგილი და საქმე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო და „ფეისბუქით“ დაკავდება ის, ვინც უნდა დაკავდეს. ძალიან ცუდია, რომ ადამიანებს აქვთ მხოლოდ და მხოლოდ „ფეისბუქის“ პლატფორმა სასაუბროდ. ბატონი რომან გოცირიძე თუ პარლამენტის წევრია, ვფიქრობ, უნდა დაკავდეს საპარლამენტო საქმიანობით“, – განაცხადა ჩალაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პარტიის წევრები მხარს დაუჭერენ, ჩალაძემ აღნიშნა, რომ კონკრეტულ გეგმებზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

„შეიკრიბება ჯგუფი და დაისახება მიზნები. ამის დრო დადგება, ახლა ამის დრო არ არის, მოხდება საჯარო პრეზენტაცია, იქნება პროგრამა და ა.შ, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ჯერ მთავარი არის პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი გადარჩენა. ჩემთვის მთავარი პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენაა. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავარი ოპოზიცური ძალაა, ჩვენი ქვეყნის მომავალია, თან არ დაგვავიწყდეს, ეს პარტია არის მთავრობაში ნამყოფი პარტია, ეს არის ძალიან ძლიერი გამოცდილების მქონე პარტია, ამიტომ ყველაფერი უნდა გადავდოთ ემოციები, ფსევდო სიჩქარის შეგრძნებები და გეგმურად ვისაუბროთ.

არანაირი მოლოდინები არ მაქვს. ჩვენმა ამომრჩევლებმა, ნამდვილმა „ნაციონალებმა“ გადაწყვიტონ არის თუ არა ის პროგრამა, რომელიც წარედგინებათ მათთვის სასურველი. საერთოდ ეს წივილ-კივილის და ვითარების ხელოვნურად დაძაბვა არ მიმაჩნია, რომ რამეს ემსახურებოდეს. ჩვეულებრივი არჩევნებია და ამაზე ამხელა ყურადღება რატომ არის მართლა მიკვირს“, – განაცხდა ჩალაძემ.