გიორგი ჩალაძე - მიხეილ სააკაშვილი ამაყია, რომ ევროპისა და თავისუფალი სამყაროს ჯაშუშს უწოდებენ, ის ახლა 65 კილოგრამს იწონის და მძიმედაა მოწამლული, ამიტომ აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები
გიორგი ჩალაძე - მიხეილ სააკაშვილი ამაყია, რომ ევროპისა და თავისუფალი სამყაროს ჯაშუშს უწოდებენ, ის ახლა 65 კილოგრამს იწონის და მძიმედაა მოწამლული, ამიტომ აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები

მიხეილ სააკაშვილი ამაყია, რომ მას ევროპისა და თავისუფალი სამყაროს ჯაშუშს უწოდებენ, – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილი „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა სტრასბურგში, ევროპარლამენტში მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელიც ევროპარლამენტის ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფის, Renew Europe-ის მიერ არის ორგანიზებული.

გიორგი ჩალაძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია, მათ შორის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე და ჩეხეთის ყოფილი ლიდერის, ვაცლავ ჰაველის მემორიალთან მიტანილი ყვავილების გამო.

„ეს ბრალდებები ასევე მოიცავს ჰილარი კლინტონისთვის ენერგეტიკული სასმელის შეძენას, როდესაც კლინტონი საქართველოში იყო ვიზიტით და საქართველოს პროკურატურა ითხოვს დამამტკიცებელ საბუთს, რომ ჰილარი კლინტონმა მართლაც თავად დალია ეს ენერგეტიკული სასმელი. ეს არაა ხუმრობა. ესაა ოფიციალური დოკუმენტები. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომ სააკაშვილი მოწამლეს მძიმე მეტალებით. ტოქსიკოლოგიური ტესტი ჩატარებულია კალიფორნიაში და მეორე ანგარიში შეადგინეს მსოფლიოში ცნობილმა ტოქსიკოლოგმა ექსპერტებმა. ჩვენ გვყავდა მოწვეული ექიმები, რომელთა შორისაც იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები. მიხეილ სააკაშვილს ახლა უწოდებენ ევროპის აგენტს. მას ევროპის ჯაშუში უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც იცით, სულ ახლახან მოქალაქეებმა საქართველოში გააპროტესტეს ე.წ. რუსული კანონი, რომელიც წარმოადგენდა რუსეთში მიღებული კანონის ანალოგს და მიმართული იყო სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. სწორედ ამის შემდეგ სააკაშვილს უწოდეს თავისუფალი სამყაროს ჯაშუში, აგენტი. მინდა, გითხრათ, რომ ის ბედნიერი და ამაყია, იყოს ევროპის, თავისუფალი სამყაროს, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ჯაშუში“, – განაცხადა ჩალაძემ.

ჩალაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თქვა, რომ მას დაუდგინეს 47 დიაგნოზი, რაც მოიცავს მძიმე დაავადებებს. ჩალაძის თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ასეთი მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების გათავისუფლებას და არა მისი სასჯელის აღსრულების გადავადებას. თუმცა, ჩალაძის განცხადებით, სასამართლომ საქმის შესწავლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი საერთოდ არ არის ავად.

„საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტარებს ეძახის თაღლითებს და მექრთამეებს, ამტკიცებენ, რომ დღეს ამ ოთახში შეკრებილი ადამიანები არ წარმოადგენენ თავისუფალ ევროპას, არამედ ამბობენ, რომ თქვენ ხართ აგენტები. ასე რომ, აქედან რომ დავბრუნდებით საქართველოში, შესაძლოა, ახალი ბრალდება წაგვიყენონ და თქვან, რომ ჩვენ ჯაშუშების კონფერენციას დავესწარით. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. პრეზიდენტი სააკაშვილი ახლა 65 კილოგრამს იწონის და ის მძიმედაა მოწამლული, რუსეთის და პუტინის საუკეთესო პრაქტიკით. ამიტომ აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები და რომ ჩვენი ხმა შეისმინონ, სხვა შემთხვევაში პუტინი გაიმარჯვებს“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.