გიორგი ჩაკვეტაძეს კუთვნილი ჯილდო გადასცეს

02:36, 30.12.2017

ალექსანდრე იაშვილმა 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს, გიორგი ჩაკვეტაძეს კუთვნილი ჯილდო დღეს გადასცა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს და რჩეულთა შორის გიორგიც მოხვდა – ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბელგიური ”გენტის” ფეხბურთელმა გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობის ხმა შემთხვევით არ მიიღო – 17 წლის ბიჭი თბილისის ”დინამოს” ლიდერი გახდა, ზაფხულში კი საქართველოში გამართულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. შედეგად, გიორგი ზაფხულში ბელგიურ კლუბში გადავიდა.

ჩაკვეტაძე დაჯილდოების ცერემონიაზე არ იმყოფებოდა და ჯილდო 29 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გადასცეს.

მსგავსი