გიორგი ჩაკვეტაძე - ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფორმატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს
ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფორმატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„იქ მსჯელობა იქნება მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორების მხარდაჭერით და ეს ფორმატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. სხვა შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ველოდებოდით შემოთავაზებას, თუმცა, მათი მხრიდან მივიღეთ მოდელი, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში იყო კონსტიტუციასთან. აქვე, ველოდებით შესაბამის დასკვნებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, გააზრებული და სწორი მოდელი, რომელიც მაქსიმალურად აირიდებს თავიდან პოლიტიკურ კრიზისებს, არის 50-100-ზე მოდელი.
„ამით თითოეული პირი, რომელიც პროპორციული წესით იქნება არჩეული, იქნება კიდევ უფრო გამჭვირვალე და თავისთავად, არსებითად შენარჩუნდება წარმომადგენლობითი პრინციპი, რაც საქართველოს პარლამენტში რაიონულ წარმომადგენლობას გულისხმობს“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა მმართველ გუნდში შექმნილი ვითარება და ხელისუფლების მიერ ახალი მოდელის შემოთავაზება იმას, რომ „ქართული ოცნება“ მთლიანად დაშორდა პროპორციული სისტემის იდეას და იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია დაეთანხმება შემოთავაზებულ 50-100-ზე მოდელს, მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებას გაზაფხულზე, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ პროპორციული სისტემა არის სისტემა, რომელიც საქართველოსთვის აუცილებელია და 2024 წელს არჩევნები სწორედ ამ სისტემით ჩატარდება, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია, ხოლო თუ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსენსუსი შედგება, ეს იქნება იმის მაქსიმალური გარანტია, რომ კენჭისყრის ჩათვლით, ამ პროცედურის დასრულებამდე ეს საკონსტიტუციო პროექტი მიღებული იქნება.
გიორგი ჩაკვეტაძემ დებატში მონაწილე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ „როცა მოლაპარაკებები დაიწყო, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მოლაპარაკებებზე ბავშვური, დესტრუქციული და რადიკალური იდეებით მოვიდნენ, რომ არანაირი დათმობა არ იქნებოდა“ და განაცხადა, რომ დესტრუქცია ის არის, როცა პოლიტიკური ძალები ადმინისტრაციულ შენობებს საშუალებას არ აძლევენ, თავიანთი ფუნქცია განახორციელონ.
„დესტრუქციაზე მე ცოტა სხვა წარმოდგენა მაქვს ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდ ნაწილს. დესტრუქცია არის ის, რომ მაგალითად, მოვარდები თბილისის საკრებულოს შენობაში, სადაც მე ვმუშაობ, თანამშრომლებს ააწიოკებ და ოთახში დავარდნილი ადამიანის, მათ შორის მათი მხარდამჭერის გამოყვანის საშუალებას არ გვაძლევ იმის გამო, რომ ვითომ, ვინმე შენ მიერ გაშლილი კარვის ხელის შეშლას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კარავი იქ, რა თქმა უნდა, მიუღებელია, რადგან სამუშაო სივრცეა“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, თუ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები გადაწყვეტენ, რომ შენობების შტურმი მოახდინონ და ხელისუფლებას საშუალებას არ მისცემენ, ნორმალურ პირობებში ჩატარდეს მათ შორის, ოპოზიციური აზრის მოსმენა, ამაზე სამართალდამცავ უწყებებს გონივრული პასუხი ექნებათ.