გიორგი ჩაკვეტაძე - ჯერჯერობით, „გენტში“ დარჩენას ვაპირებ, ჩემი ამბიცია მადრიდის „რეალში“ თამაშია
გიორგი ჩაკვეტაძე - ჯერჯერობით, „გენტში“ დარჩენას ვაპირებ, ჩემი ამბიცია მადრიდის „რეალში“ თამაშია

„გენტის“ საკლუბო ტელევიზიამ გიორგი ჩაკვეტაძეს სიუჟეტი მიუძღვნა. 18 წლის ფეხბურთელი ბელგიურ კლუბში შარშან ზაფხულში ჩაირიცხა და ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრებს.

ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, „გენტმა“ გასვლაზე „ანდერლეხტს“ 2:0 მოუგო. გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა და ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა. 85-ე წუთზე კი „გენტმა“ პენალტი მისი განვითარებული შეტევის შემდეგ მოიპოვა.

„რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში რთულია, მაგრამ უნდა შეეგუო. უნდა ეცადო, შენი მაქსიმუმი გააკეთო, რათა თავი წარმოაჩინო. აქ სხვაგვარადაა, რადგან იმდენი მეგობარი არ მყავს, როგორც საქართველოში. ჩემი ოჯახის წევრებიც ხშირად არ არიან, რადგან ვიზის პრობლემაა და სამ თვეში ერთხელ შეუძლიათ ჩამოსვლა. რა თქმა უნდა, თამაშებზე ჩამოდიან და შეხვედრებს ინტერნეტში ადევნებენ თვალს. „გენტში“ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, რადგან ყველა მეხმარება – სამწვრთნელო შტაბი, მთავარი მწვრთნელი, დანიელი მასწავლებელი და მისი მეუღლეც“, – ამბობს ჩაკვეტაძე.

ჟურნალისტმა მას კითხვა მიუნხენის „ბაიერნის“ თაობაზე დაუსვა, რომელსაც გიორგის გადაბირება საქართველოში გამართული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სურდა.

„ბელგიაში გადასვლა ასე იმიტომ გადაწყდა, რომ ბელგიაში 19-წლამდელთა ჩემპიონატამდე ჩამოვედი და კონტრაქტზე ხელი მოვაწერე. ვარიანტიც არ იყო, „ბაიერნზე“ რომ გველაპარაკა“, – აღნიშნა მან.

ჩაკვეტაძეს სამომავლო გეგმებზეც ჰკითხეს.

„ჯერჯერობით, „გენტში“ დარჩენას ვაპირებ. ჩემი ამბიციაა და ძალიან მინდა, მადრიდის „რეალში“ თამაში“ – აღნიშნა ფეხბურთელმა.

დატოვე კომენტარი