გიორგი ცეცაძე - უკრაინაში დიდი გამოცდილება შევიძინე
გიორგი ცეცაძე - უკრაინაში დიდი გამოცდილება შევიძინე

გიორგი ცეცაძემ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შემდეგ კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც უკრაინის ჩემპიონატის მე-7 ტურში საკუთარ მოედანზე დნეპროპეტროვსკის „დნიპრო-1“-თან 1:3 წააგო.

„დიდი ხანი ვიმედოვნებდი, რომ ვითარება გამოსწორდებოდა, მაგრამ ბევრ გოლს ვუშვებდით, ვერ ვიგებდით და ამან ფსიქოლოგიურად დამღალა. ბოლოს მივხვდი, სამწუხაროდ, მწირი რესურსით არაფერი გამოდიოდა და მეც რაღაც ვერ გავთვალე. ბოლოს ყველას მადლობა გადავუხადე და წამოვედი. საერთოდ, ბოლო ერთი წელიწადი ჩემთვის კატასტროფული იყო, მაგრამ უკეთესის იმედი მაქვს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ცეცაძემ.

მისი თქმით, უკრაინაში დიდი გამოცდილება მიიღო:

„ყველაფერში ერთი კარგი მაინც იყო – უკრაინაში ისეთი გამოცდილება შევიძინე, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ გამომადგება. ევროპის რანგით მეცხრე ლიგაში ვმუშაობდი და ბევრ საკითხს სხვა თვალით შევხედე. წარმოიდგინეთ, „რეალის“ მოგების შემდეგ „შახტარი“ „ვორსკლას“ შეხვდა და ვერ მოუგო. ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატია. დიდი ქვეყანაა, ჩვენზე ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ და ფეხბურთის განვითარებას ახერხებენ“.