გიორგი ცაგარეიშვილი - პრემიერის ჩინეთში ვიზიტი ისტორიულია, თანამედროვე სამყაროში ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს ხელსაყრელი, სანდო პარტნიორი
გიორგი ცაგარეიშვილი - პრემიერის ჩინეთში ვიზიტი ისტორიულია, თანამედროვე სამყაროში ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს ხელსაყრელი, სანდო პარტნიორი

გადაუჭარბებლად შეიძლება თქმა, რომ პრემიერის ჩინეთში ვიზიტი ნამდვილად ისტორიული ვიზიტია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ კონტექსტს, ჩვენ გარშემო შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას და უკრაინაში წარმოებულ საშინელ სისხლისმღვრელ ომს, რომელსაც იქ პუტინი აწარმოებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, ახლა ამ ვიზიტს ძალიან დიდი ფასი შეიძლება, დავადოთ. ჩინეთი ზემძლავრი სახელმწიფოა. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია, ვუწოდოთ. ის არის უდიდესი გეოპოლიტიკური მოთამაშე არა მხოლოდ კონტინენტზე და იმ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ამიტომ ამგვარ ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება და სტრატეგიულად ახალ დონეზე ურთიერთობების აყვანა, ორივე ქვეყნის ინტერესს შეესაბამება და, პირველ რიგში, შეესაბამება საქართველოს ინტერესებს, დაუფარავად“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გაიმყაროს საერთაშორისო პოზიციები, არა მხოლოდ უახლოეს სამეზობლოში, არამედ ასეთი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე აყვანითაც.

„ყველამ უნდა გაიგოს თანამედროვე სამყაროში, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს ხელსაყრელი, სანდო პარტნიორი, რომელიც ზურგში ლახვარს არ ჩაგცემს. პირველ რიგში, აქ ხაზგასასმელია უსაფრთხოება და ეკონომიკური თვალსაზრისიც. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და ამგვარ გარანტიებს მსოფლიოში ყველგან ვეძებთ. ამიტომ, ვფიქრობ, ამ ვექტორის, შეიძლება ითქვას, ახალი მიმართულების გაჩენა ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტის გამყარებას უდავოდ ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, თანასწორ საერთაშორისო ურთიერთობებს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ ამ ნაბიჯით ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია, თანაბარი ურთიერთობები დავამყაროთ, მათ შორის, ისეთ დიდ ქვეყანასთან, როგორიც ჩინეთია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თანასწორ საერთაშორისო ურთიერთობებს ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება, ყოველ წამს რაღაც დააყვედრო, თავში წამოარტყა, რაღაცები წინ დაახვედრო, მუდმივად მიუთითო ერთი ადგილისკენ, სადღაც კუთხისკენ. საქართველო იყო ამ დღეში თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე, რაც თვალში საცემი იყო, მაგრამ ქვეყანამ ეს დრო უკან მოიტოვა. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ურთიერთობების დამყარებით კარგად წარმოჩინდა, მათ შორის, ჩვენი როლი ძალიან რთულ და მძიმე რეგიონში, სადაც საქართველოს შეუძლია, უსაფრთხოების, მშვიდობის ბლოკპოსტის როლიც შეასრულოს. ეს არის ჩვენი როლი, ასე ვუყურებთ საქართველოს როლს და გვინდა, საქართველო, ერთგვარად, ხიდი იყოს ევროპასა და აზიას შორის, ხილული და არა რაღაც ფარული ხიდი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გიორგი ცაგარეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთთან სტრატეგიული სახის თანამშრომლობას და გამჭვირვალე ურთიერთობას ყველა ესწრაფვის და ბოლო ორი თვის დინამიკას თუ დავაკვირდებით, ამ ქვეყანაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი, უმაღლესი დონის ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის, აშშ-დან და ევროპიდან.

„ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი და ყველას ხილულად ვესაუბრებით განზრახვებზე. აქაც, მე მგონი, ცოტა სხვა კუთხიდან აღმოაჩინეს დღევანდელი საქართველო და დღევანდელი ხელისუფლება, მათ შორის, ჩვენმა პარტნიორებმა. ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, ყველა განზრახვა დევს მაგიდაზე, რას ვაპირებთ და არაფერს გულში არ ვიტოვებთ. პირდაპირ ვამბობთ, გინდათ ჩვენთან მეგობრობა და თანამშრომლობა? ჩვენ ასეთები ვართ, როგორებიც ვართ და მოდით, ვითანამშრომლოთ; გარწმუნებთ, ამ რეგიონში ბევრად უკეთესები ვართ ბევრზე, შემიძლია, ეს თავმომწონედ ვთქვა. ვართ ლიდერები უამრავ რამეში“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, იმეგობროს ყველასთან, ვისაც ჩვენთან მეგობრობა უნდა და არა სულში ხელის ფათური.

„პირდაპირ გეუბნებით, ვისაც ჩვენს სულში ხელის ფათური უნდა, აქედან არაფერი არ გამოვა. ეს არ არის ის ხელისუფლება. ის იყო სააკაშვილის ხელისუფლება, იმის გულ-ღვიძლში შეეძლო ვიღაცას ხელის ფათური და ამიტომაც იყო მაშინ საქმე „კარგად“. საქართველო ის არ არის, რაც 15 წლის წინ იყო და ამას თუ მიხვდებიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, ყველასთვის კარგი იქნება, პირველ რიგში, ჩვენთვის იქნება საუკეთესო. ჩვენ გვინდა, აქ ცივილიზაციების გასაყარი კი არ იყოს, არამედ შეერთება. მესმის, რომ უამრავი ქვეყნის ინტერესია გადაჯაჭვული კავკასიაში და საქართველოში, მით უმეტეს, უკრაინის უბედურებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომლის სადარაჯოზეც დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ. ამიტომ ამ გადასახედიდან ჩვენ ხელს გავუწვდით ყველას – ჩინეთს, ევროპას, აშშ-ს და ნებისმიერ მეგობარ თუ პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.