გიორგი ცაგარეიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან, უნდა იყვნენ მიუმხრობლები, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ყველაფერი გააკეთა, რათა გაემრუდებინა ქართველი ხალხის არჩევანი
გიორგი ცაგარეიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან, უნდა იყვნენ მიუმხრობლები, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ყველაფერი გააკეთა, რათა გაემრუდებინა ქართველი ხალხის არჩევანი

„სამართლიანი არჩევნები“ არის მხილებული ქმედებაში, რომელიც არ შეესაბამება არათუ სამართლიან არჩევნებს, მათ სახელწოდებასა და აბრევიატურას, არამედ არ შეესაბამება ზოგადად ამ ქვეყნის მოქალაქეთა სურვილსა თუ განწყობას, რომ ქვეყანამ იცხოვროს მშვიდობიანად, ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ არის ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების გაყალბებაშია მხილებული.

„პარალელური დათვლის შედეგები მაგიდის ქვეშ ამოდეს, არ გაუმხილეს საზოგადოებას ის, რაც იყო რეალობა, ხელი შეუწყვეს პროცესების რადიკალიზაციას საზოგადოებაში. ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციები, მით უმეტეს იმგვარი და იმ შინაარსის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან, თავიდან ბოლომდე გამჭვირვალედ უნდა აწარმოებდნენ ამ დაკვირვებას, უნდა იყვნენ მიუმხრობლები, არც ერთი მხარის მხარე არ უნდა დაიჭირონ, ეს ასე უნდა იყოს. როგორც ჩვენ დავინახეთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ყველაფერი გააკეთა, რათა გაემრუდებინა ქართველი ხალხის არჩევანი. რომ არა „ქართული ოცნების“ ამ მიმართულებით გადადგმული ბევრი რადიკალური ნაბიჯი, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ემხილებინა სიცრუესა და ტყუილში, აქ რა პროცესები განვითარდებოდა, კაცმა არ იცის. ეს ორგანიზაცია არის მხილებული ერთ კონკრეტულ ქმედებაში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება არათუ სამართლიან არჩევნებს, მათ სახელწოდებასა და აბრევიატურას, არამედ არ შეესაბამება ზოგადად ამ ქვეყნის მოქალაქეთა სურვილსა თუ განწყობას, იქითკენ მიმართულს, რომ ქვეყანამ იცხოვროს მშვიდობიანად და ქვეყანაში ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები. ამისთვის კონკრეტულად ეს ორგანიზაცია არ იყო მომართული და დაიჭირა მხარე, ეს ერთი. მეორე, მან რამდენიმე კვირის წინ მოაწერა განცხადებას ხელი, სადაც პირდაპირ მოითხოვა პრემიერისა და მთავრობის გადაყენება, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება. მე ცოტა ძნელად წარმომიდგენია არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასეთ ნაბიჯებს დგამს, მას ერქვას არასამთავრობო ორგანიზაცია, მას უნდა ერქვას პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩემი რჩევაა, გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიად. აგერ სულ რაღაც ორ წელიწადში გვიახლოვდება საარჩევნო პროცესი და ჩაერთონ არჩევნებში, გაუწიონ კონკურენცია ხელისუფლებასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ეს არის ჩემი რჩევა“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.