გიორგი ბუტიკაშვილი – იუკნევიჩიანესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სანქციების საკითხზე, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მუშაობაზე

16:58, 27.02.2025

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან ოპოზიციის შეხვედრაზე განიხილეს, რამდენად ამოქმედდება სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაში მოხვდნენ.

ბუტიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის ერთობლივად მუშაობის შესახებ.

„ქალბატონ რასასთან შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი. ვისაუბრეთ ორ მთავარ თემაზე. პირველი იყო სანქციები. ანუ რამდენად ამოქმედდება სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაში მოხვდნენ, ვინც ამყარებს ივანიშვილის რუსული რეჟიმის სისტემას და როდის უნდა ველოდოთ ამ სანქციების ამოქმედებას. კონკრეტული პასუხები მივიღეთ, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით მუშაობს, მაგრამ, ამავდროულად, ვიცით, რომ, ორბანის და ფიცოს პოლიტიკიდან გამომდინარე, ევროკავშირი აღნიშნულ სანქციებს ერთობლივად ვერ იღებს. ამიტომ ჩვენი მხრიდანაც დაწყებულია ინდივიდუალურ ქვეყნებთან მოლაპარაკება, თავად ევროკავშირიც ესაუბრება მათ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს სანქციები მალე იქნება;

მეორე საკითხი იყო ერთობლივი მუშაობა სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც, ცხადია, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში გამოიხატა. ეს არის პარტიების ერთობლივი მცდელობა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს ახალი არჩევნების გეგმა. სალომე ზურაბიშვილმა რაც წარადგინა, სწორედ ის იყო განხილული რასა იუკნევიჩიანესთან. შეფასებები გაკეთდა მისი მხრიდანაც, რომ გზა, როგორ მივდივართ არჩევნებამდე, უნდა იყოს კონკრეტული და უნდა ხედავდეს საზოგადოება, მათ შორის, ევროკავშირი, როგორ მივდივართ ამ გზამდე. მართალია, „ქართულ ოცნებას“ არ სურს დიალოგზე წამოსვლა, არ სურს, ილაპარაკოს ახალ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენ კოორდინირებულად, კონცენტრირებულად ვმუშაობთ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

მსგავსი