გიორგი ბუტიკაშვილი - არასამთავრობოებთან შეხვედრა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ საგარეო და უსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად გვემსჯელა, რამდენად სწორად მუშაობს ოთხივე გამარჯვებული პარტია
გიორგი ბუტიკაშვილი - არასამთავრობოებთან შეხვედრა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ საგარეო და უსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად გვემსჯელა, რამდენად სწორად მუშაობს ოთხივე გამარჯვებული პარტია

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა და ომი გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ საგარეო და უსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად გვემსჯელა, რამდენად სწორად მუშაობს ოთხივე გამარჯვებული პარტია. რამდენად სწორი კომუნიკაცია აქვს დასავლეთთან, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ იმ თემის ექსპერტებს, რომლებიც დიდი ხანია, მუშაობენ დასვალეთთან. შესაბამისად, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი მეთოდები, რა მეთოდებითაც ვკომუნიცირებთ დასავლეთთან. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მეთოდები, როგორ მუშაობენ ისინი დასავლეთთან“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულად არაფერზე შეთანხმებულან.

„ერთობლივად შეთანხმება კონკრეტულად ასე არაფრის არ მომხდარა. ჩვენ ვიმსჯელეთ და განვიხილეთ თემები, რა თემებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტირება და მთავარ თემას წარმოადგენს ის, რომ მოძალადე რეჟიმის წარმომადგენლები დასაჯოს დასავლეთმა. დასჯაში იგულისხმება მაღალჩინოსნების სანქცირება. ჩვენ ვნახეთ განცხადებები ჩვენი ევროპელი მეგობრების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, იმ ქვეყნების, რომლებმაც სანქციები უკვე დააწესეს. მათ შორის, დაასანქცირეს ე.წ. პრემიერ-მინისტრი კობახიძე და მოსამართლეები, რომლებიც აფორმებენ ძალადობრივი რეჟიმის მიერ ნაცემი ადამიანების ციხეში გაშვებას. ანუ, ერთგვარ ბუღალტერიას ასრულებენ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფორმატები არსებობდეს და ერთობლივად ვიმუშაოთ და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა და ომი გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.