გიორგი ბურჯანაძე - საარჩევნო პროცესში თანასწორობა ყველაზე კარგად პროპორციული სისტემით არის შესაძლებელი 
გიორგი ბურჯანაძე - საარჩევნო პროცესში თანასწორობა ყველაზე კარგად პროპორციული სისტემით არის შესაძლებელი 

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ განუცხადა, რომელიც თანასწორობის კვირეულის გახსნაში მონაწილეობს.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ინიცირებულ ცვლილებებს მხარს უჭერდა.

„ცვლილებებს, რომლებიც ინიცირებული იყო, ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვუჭერდით. მიგვაჩნია, რომ ეს იქნებოდა ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენი დღევანდელი შეკრების თემაც არის თანასწორობა და თანასწორობის მიღწევა საარჩევნო პროცესში ყველაზე კარგად შესაძლებელია სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემით. სამწუხაროდ, ამ საკითხს პირდაპირი კავშირი აქვს ადამიანის უფლებებთან და სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ამის მიღება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, იმედია, ცვლილებების ხელახალი ინიცირება მოხდება.

„იმედს ვიტოვებთ, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადება და გამოთქმულია იმედი,  მოხდეს ხელახლა ინიცირება ამ საკითხის და მიღება. ეს აუცილებელია, რათა სამართლიანი წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში. ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შეფასებისგან თავს შევიკავებ. ჩვენი მოთხოვნა და მოწოდება არის, ასეთი სისტემა იყოს მიღებული, ამოქმედებული და პრაქტიკაში დანერგილი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

საქართველოში დღეს თანასწორობის კვირეული გაიხსნა. თბილისში ევროპის საბჭოს ოფისმა და პარტნიორმა უწყებებმა საქართველოში კვირეული კამპანიის – „მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში დაიწყეს.

ღონისძიება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნეს.

თანასწორობის კვირეულის მიზანი მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების გზით ტოლერანტობის გაზრდა, ასევე დისკრიმინაციის მსხვერპლთა ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმირებაა.

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თბილისსა და რეგიონში.