გიორგი ბურჯანაძე - ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულები თავს კარგად გრძნობენ და არანაირ პრეტენზიას არ გამოხატავენ
გიორგი ბურჯანაძე - ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულები თავს კარგად გრძნობენ და არანაირ პრეტენზიას არ გამოხატავენ

ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულები თავს კარგად გრძნობენ და არანაირ პრეტენზიას არ გამოხატავენ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ექვსივე დაკავებული მოინახულეს.

„ისინი დაკავებისთანავე მოვინახულეთ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, გვენახა, როგორ გრძნობდნენ თავს. მათი უფლებები ამ ეტაპისთვის ხომ არ ირღვეოდა. ისინი ამ ეტაპისთვის პრეტენზიებს არ გამოხატავენ უშუალოდ დაკავებასა და მოპყრობასთან დაკავშირებით. ახლა მათთან შესული არიან ადვოკატები და მიმდინარეობს სხვადასხვა საპროცესო ღონისძიებები“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, ექვსი ადამიანი აქციის მსვლელობისას პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

„ამ ეტაპისთვის სამართლებრივ საფუძვლებზე, სამართლებრივ საკითხებზე ვერ გეტყვით. როცა მოგვეცემა შესაბამისი შესაძლებლობა, გამოვითხოვთ მონაცემებს და ვნახავთ, რამდენად დასაბუთებული იყო. ვნახავთ ვიდეოჩანაწერებს, რათა შევძლოთ, ერთიანად შევაფასოთ. ყველა მათგანს დავუსვით შეკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ახლობლებს შემიძლია გადავცე, რომ ისინი ამ ეტაპზე კარგად გრძნობენ თავს და არანაირ პრეტენზიას არ გამოხატავენ. მათი ფიზიკური მდგომარეობა ნორმალურია“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე სამართალდამცველებმა წინააღმდეგობის გაწევისთვის ექვსი პირი დააკავეს. აქცია შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაიმართა. დემონსტრანტები იმ ადგილას მივიდნენ, სადაც 31 მარტს სამშენებლო სამუშაოებზე ორი მუშა დაიღუპა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც ექვსი პირის დაკავება მოჰყვა.