გიორგი ბურჯანაძე - 12 მაისს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე ომბუდსმენის აპარატისთვის ჯერ არავის მიუმართავს
გიორგი ბურჯანაძე - 12 მაისს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე ომბუდსმენის აპარატისთვის ჯერ არავის მიუმართავს

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, 12 მაისს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე განცხადებით ომბუდსმენის აპარატისთვის ჯერ არავის მიუმართავს.

როგორც ჟურნალისტებს ბურჯანაძემ განუცხადა, მსგავსი მიმართვა არ იყო, თუმცა ცხელ ხაზზე გარკვეული შემთხვევა დაფიქსირდა, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

“ამ ეტაპზე რასაც ვაკეთებთ, საჯარო წყაროებში არსებულ მონაცემებს ვსწავლობთ. ამაში ვიდეო ჩანაწერები და კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციები იგულისხმება. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ. გვინდა, ვნახოთ, კლუბებში სპეცოპერაცია რამდენად კანონიერად განხორციელდა. ასევე გვაინტერესებს, ადმინისტრაციული დაკავებები რამდენად სწორად განხორციელდა, რამდენად კანონიერად წარიმართა ეს პროცესი და მომიტინგეებს რამდენად მიეცათ შესაძლებლობა მშვიდობიანი მანიფესტაცია გაემართათ”, – დასძენს ბურჯანაძე.