გიორგი ბოტკოველი - თეთრი ყურძნის მაქსიმალური ფასი წელს კილოგრამზე 60-70 თეთრი იქნება, რაც გლეხის შრომის დაუფასებლობაა
გიორგი ბოტკოველი - თეთრი ყურძნის მაქსიმალური ფასი წელს კილოგრამზე 60-70 თეთრი იქნება, რაც გლეხის შრომის დაუფასებლობაა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი ვარაუდობს, რომ წელს თეთრი ყურძნის მაქსიმალური ფასი კილოგრამზე 60-70 თეთრი იქნება და ფასის მოსალოდნელი შემცირების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ბოტკოველის თქმით, ფასის შემცირების მოსალოდნელ მიზეზად ღვინის ეროვნულ სააგენტოში კომპანიებში არსებული მარაგებს ასახელებენ.

მისი შეფასებით, ფასი 60-70 თეთრი მევენახეების მიერ გაწეული შრომის ადეკვატური არ არის და გლეხის შრომის დაუფასებლობაა.

„მთავრობა გვეუბნება, რომ წელს ყურძნის ფასი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე იყო მაგალითად შარშან. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, სამაგიერო გადაუხადოს კახელ გლეხს შედეგის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის არჩევნებზე მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ხელი შეეწყო გლეხისთვის, მიეცა იაფი კრედიტი, პირიქით, მთლიანად დამოკიდებული გახადა მონსტრ ქარხნებზე, რომლებიც პირდაპირ ადგენენ ფასებს და არ აინტერესებთ, რა ჯაფა გასწია გლეხმა წლიდან წლამდე“, – განაცხადა ბოტკოველმა.

მისი თქმით, ხელისუფლება წელს, ყურძნის ფასის სუბსიდირებას არ აპირებს.

„დღეს გვეუბნებიან, სუბსიდია არ იქნება და უბრალოდ, გამოყოფენ 20 მილიონ ლარს, ისიც სახელმწიფო ქარხნისთვის, სადაც უკვე დარჩენილ ყურძენს შეიძენენ სასპირტედ. ეს 20 მილიონი ნიშნავს, რომ დარჩენილ ყურძენს სახელმწიფო შეიძენს 40-50 თეთრად, რომლისგანაც დაამზადებს სპირტს“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.