გიორგი ბოტკოველი - საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სუს-ის და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივად შერჩეული კანდიდატებით მიმდინარეობს
გიორგი ბოტკოველი - საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სუს-ის და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივად შერჩეული კანდიდატებით მიმდინარეობს

„ის კომისიები, რომლებიც დღეს აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიამ და უნდა იმუშაონ ვითომ, ნეიტრალური პოზიციიდან, რა თქმა უნდა ვერ იქნებიან მიუკერძოებლები. მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ ვისაც თქვენ ახლა ენდობით, სწორედ ის ადამიანები იქნებიან, ვინც განაჩენს გამოგიტანენ 31 ოქტომბერს“, – განაცხადა მედიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში გიორგი ბოტკოველმა.

ბოტკოველი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სუს-ის და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივად შერჩეული კანდიდატებით მიმდინარეობს.

„აქ არ არის მარტო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებზე საუბარი, ესენი არიან სუს-ის და „ქართული ოცნების“ შტაბის ერთობლივად შერჩეული ადამიანები, მაგალითად თამარ ბაღაშვილი როგორ შეიძლება იყოს მიუკერძოებელი, რომელიც არის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელი ლაგოდეხში, ან თამარ ბიძინაშვილი, რომელიც მერის წარმომადგენლის მეუღლეა, ან ნინო ომანაშვილი, რომელიც ქვემო ხოდაშენის ბაღის გამგეა. ესენი არიან პირდაპირ დაინტერესებული ადამიანები, რომ რამენაირად გაიმარჯვოს ხელისუფლებამ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ამ ადამიანების ყოფნა ვერანაირად ვერ გადაარჩენს, პირიქით უფრო მეტად გააღიზიანებენ და მეტად დაანახებენ მოსახლეობას, რომ ესენი ემზადებიან შავბნელი საქმისთვის და ეს შავბნელი საქმეები იქნება მათთვის დამღუპველი“, – განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან კანონის დარღვევას მათი მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვება.