გიორგი ბოტკოველი - სააკაშვილი ექიმებთან კონსულტაციისთვის მზად არის, თუმცა კლინიკაში გადასვლას არ აპირებს
გიორგი ბოტკოველი - სააკაშვილი ექიმებთან კონსულტაციისთვის მზად არის, თუმცა კლინიკაში გადასვლას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, სააკაშვილი თანახმაა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციაზე, მაგრამ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

„ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე. ჩემდა საბედნიეროდ და გასაკვირად, ნახევარზე მეტი ვისაუბრეთ თელავზე და ბევრ რამეს მეკითხებოდა. მიუხედავად 20-დღიანი შიმშილობისა და ფიზიკური მდგომარეობისა, არის ძალიან მხნედ, შემართებით და მზად, რომ ჩვენ, მისმა თანაგუნდელებმა და მან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ჩააგდო ივანიშვილის რეჟიმმა. სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა უარს არ ამბობს ექიმებთან კონსულტაციაზე. მზად არის, ისაუბროს მათთან და ჰქონდეს კომუნიკაცია, მაგრამ არ აპირებს, შეწყვიტოს შიმშილობა.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, ამ ყველაფერზე პასუხს გაგცემთ მისი პირადი ექიმი, როცა ის შევა და ისაუბრებენ ამ საკითხზე. ამ წუთის მდგომარეობით, ის არ აპირებს კლინიკაში გადასვლას, თუმცა არ აპირებს, უარი თქვას კონსულტაციაზე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან. სააკაშვილის გზავნილებს თქვენ ყოველდღიურად ეცნობით, ვისაუბრეთ ამ თემაზეც და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ მეორე ტურში, რომ დავიხსნათ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.