გიორგი ბოტკოველი - რიგგარეშე სესიისთვის მომზადებულია კონკრეტული დღის წესრიგი, სესია არ მოგვიწვევია ვინმეს ლუსტრირებისთვის ან სახის დანახვისთვის
გიორგი ბოტკოველი - რიგგარეშე სესიისთვის მომზადებულია კონკრეტული დღის წესრიგი, სესია არ მოგვიწვევია ვინმეს ლუსტრირებისთვის ან სახის დანახვისთვის

რიგგარეშე სესია არ მიგვიწვევია ვინმეს ლუსტრირებისთვის ან სახის დანახვისთვის. „ქართული ოცნების“ ლუსტრირება უკვე მომხდარია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, რიგგარეშე სესიისთვის მომზადებულია კონკრეტული დღის წესრიგი, მათ შორის საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

„საბოტაჟია ის, როცა შეკრებები შეკრებებისთვის იმართება და არა – საქმისთვის. ხელისუფლებას დიდი დრო ჰქონდა, 12 რეკომენდაციის მიღებამდე რეალური საქმე ეკეთებინა და ევროპას ჩვენთვის შენიშვნები არ მოეცა. რიგგარეშე სესიისთვის მომზადებულია კონკრეტული დღის წესრიგი, მათ შორი საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე. როცა საუბარია დეპოლარიზაციაზე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიას და ევროპული რეკომენდაციების შესრულებას. რიგგარეშე სესია არ მიგვიწვევია ვინმეს ლუსტრირებისთვის ან სახის დანახვისთვის, „ქართული ოცნების“ ლუსტრირება უკვე მომხდარია. ამოცანა დავუსახეთ, რათა დავინახოთ, რამდენად არის ხელისუფლება მზად, რეკომენდაციები შეასრულოს. მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება ხელს შეუშლის იმ პროცესების წარმართვას, რაც ქვეყანას ევროპის გზამდე მიიყვანს და კანდიდატ ქვეყანად გახდის. ეს ყველაფერი სამწუხაროა და არავის უნდა გვიხაროდეს. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის რეალურ საქმეს უნდა ვაკეთებდეთ და არა ის, რომ მაგიდის გარშემო ვიფიქრებდეთ, რა უნდა გავაკეთოთ. რა უნდა გავაკეთოთ, ვთავაზობთ და კარგია, რომ პრეზიდენტმა ეს გაიგო და რიგგარეშე სესია მოიწვია“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას და განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავდა. პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში 15 ივლისს შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.

ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ არ აპირებენ რადიკალური ოპოზიციის მოგონილ, საბოტაჟურ და უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ისინი აღნიშნავენ, რომ ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს.