გიორგი ბოტკოველი - ქუთაისში „ქართული ოცნების“ შტაბმა აღასრულა დავალება, რომელიც ცენტრალური ოფისიდან მიიღო
გიორგი ბოტკოველი - ქუთაისში „ქართული ოცნების“ შტაბმა აღასრულა დავალება, რომელიც ცენტრალური ოფისიდან მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ მიმართ აამოქმედა ძალადობა და ამით ცდილობს პარტიის წევრების დაშინებას. ამის შესახებ მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა გუშინ ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს.

„ქუთაისში „ქართული ოცნების“ შტაბმა აღასრულა დავალება, რომელიც დღის განმავლობაში მიიღო ცენტრალური ოფისისგან და ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი შეტევა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვეუბნებიან, თითქოს იყვნენ აღშფოთებული ადამიანები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში შეწუხებული იყვნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, მაგრამ ჩვენ იქ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ შტაბს და არა მარტო „ქართული ოცნების“ შტაბს, ისინი წარმოადგენენ უშუალოდ მერიას და სხვადასხვა სამსახურებს და შეგვიძლია დავასახელოთ კონკრეტული პიროვნებები“, – განაცხადა ბოტკოველმა.

მან დაასახელა კონკრეტული ადამიანების გვარებიც, რომლებიც, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მონაწილეობდნენ ქუთაისში განვითარებულ მოვლენებში.

„მაგალითად, აქ იყო გრიგოლ დალაქიშვილი, ყოფილი გუბერნატორი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, რომელიც უშუალო ორგანიზატორი იყო წუხანდელი ვანდალიზმის, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან; მასთან ერთად, მამუკა მღვდელაძე – სპორტის აიპის ხელმძღვანელის მოადგილე, რომლებიც კადრში ჩანან, თუ როგორ აორგანიზებენ ამ ყველაფერს, გარკვეული ფურცელი უჭირავთ ხელში, სადაც აღნიშნავენ, თუ რომელი ადამიანი მივიდა და ვინ არ მივიდა. ასევე, ვის უნდა გადაუხადონ ფული და ვის არ უნდა გადაუხადონ.

უშუალო დავალების შემსრულებლები და ორგანიზატორები იყვნენ ასევე ირაკლი ცხვედიანი და ნიმა დვალი, რომლებიც არიან ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, რომლებიც პირადად აკეთებდნენ წარწერებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარზე.

ასევე, ამ ვანდალურ ღონისძიებას ესწრებოდნენ და უშუალო მონაწილეობას იღებდნენ საკრებულოს წევრები: იმედა საღინაძე, კახა ბოჭორიშვილი, გიორგი ჭეიშვილი, ნანა კოსტავა და ქალბატონები, რომლებიც გამოირჩეოდნენ აგრესიით, მაგალითად თამთა ბაკურიძე, რომელიც უშუალოდ კვერცხებს ისროდა, როგორც შტაბის მიმართულებით, ისე ჩვენი აქტივისტების. ამ შემთხვევაში არის სოციალური სასადილოს ხელმძღვანელი და ის არ მალავს, რომ არის აღშფოთებული იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს არის ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური ძალა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს იკადრებს იმის გამო, რომ რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ვერანაირი ასეთი მივარდნები, ვერანაირი ასეთი ვანდალიზმი ვერ შეაჩერებს იმ პროცესს, რომელიც დაწყებულია ქვეყანაში და რომელიც აუცილებლად დასრულდება ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის დასასრულით ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ქუთაისში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ დაახლოებით ხუთსაათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.  ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. მოგვიანებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოფისში ჩაკეტეს. შესასვლელ კარს აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ბოქლომი დაადო. „ქართული ოცნების“ წევრებმა ამ ფორმით ოპოზიციის მიერ მმართველი პარტიის ოცნების ოფისზე ბოქლომის დადება გააპროტესტეს.