გიორგი ბოტკოველი -„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპაში ყველაზე დიდი გაერთიანებაა და მგონი, „ნაციონალური მოძრაობის“ მითითებები არაფერში სჭირდებათ
გიორგი ბოტკოველი -„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპაში ყველაზე დიდი გაერთიანებაა და მგონი, „ნაციონალური მოძრაობის“ მითითებები არაფერში სჭირდებათ

„ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან, რას წარმოადგენს „ევროპის სახალხო პარტია“. ეს პარტია ევროპაში ყველაზე დიდი გაერთიანებაა და მგონი, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მითითებები არაფერში სჭირდებათ. არ მგონია, ეს განცხადება უცხო იყოს „ქართული ოცნებისთვის“, რადგან არ არის პირველი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველის თქმით, ხელისუფლების საქმიანობა არ არის იმისკენ მიმართული, რომ რამენაირად ქვეყნის ავტორიტეტი გაიზარდოს.

„ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გააკეთა, რომ თურმე, განცხადება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაწერა. კარგად იციან, რას წარმოადგენს „ევროპის სახალხო პარტია“. ეს პარტია ევროპაში ყველაზე დიდი გაერთიანებაა და მგონი, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მითითებები არაფერში სჭირდებათ. არ მგონია, ეს განცხადება უცხო იყოს „ქართული ოცნებისთვის“, რადგან არ არის პირველი. ამ ყველაფერზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ, მათ შორის სენატორები, კონგრესმენები და „ქართულ ოცნებას“ სწორედ ასეთ მითითებებს აძლევენ, ეუბნებიან, რომ ასეთი მმართველობა სწორი არ არის. ხელისუფლების საქმიანობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ მიმართული არ არის იმისკენ, რომ მათ უნდათ, რამენაირად ქვეყნის ავტორიტეტი გაიზარდოს, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის ჩამონგრევისთვის და იმ კურსის გატარებისთვის, რაც არჩეული აქვს ბიძინა ივანიშვილს, მას ეს კურსი პუტინის მიერ აქვს წარგზავნილი. „ქართული ოცნება“ ხან ომის და ხან ღალატის პარტიას გვეძახის, მაგრამ ეს არის ის პარტია, რომელიც მოკავშირეა აგრესორი ქვეყნის ლიდერის, მათ შორის პუტინის“, – განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას.

„ქართული ოცნების“ ბევრი განცხადება გვინახავს, რაც ერთი-ერთში ლავროვის, პუტინის განცხადებებს ჰგავს და ეს არის ქვეყნის ღალატი. რა თქმა უნდა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. „ქართულმა ოცნებამ“ ეს კითხვა არაერთხელ დასვა რიტორიკულად და თქვეს, თუ იმსახურებს, მაშინ ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ცუდი რატომ ვართო, ეს ახსნა გამოძებნეს. საქართველო ევროკავშირის კანდიდატობას იმსახურებს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და არც ივანიშვილისა და კობახიძის არჩევანია. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი მალე დასრულდება და ევროკავშირის წევრი გახდება. EPP განცხადებაში რატომ არ წერს იმას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატობას, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ და ვერც ჩვენ მივუთითებთ, რომ ეს ჩაწეროს ან არა, მათ განცხადება გააკეთეს. განცხადებაში წერია, რომ ხელისუფლება არ იქცევა სათანადოდ იმისთვის, რომ მისი მმართველობა ისეთი იყოს, რაც ქართველ ხალხს ეკადრება, ამაში მათ ვეთანხმებით. EPP-ის განცხადებაში ეს ჩვენ რანაირად უნდა ჩაგვეწერა? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი განცხადება რაც შეიძლება EPP-ის მხრიდან გაკეთდეს, ქართველი ხალხის მხარდამჭერი იქნება. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წასული არიან ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე, რომ სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრონ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ საერთაშორისო პარტნიორთან ჩვენი ყველა შეხვედრის ნაწილია ის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლებში ევროპის სახალხო პარტია დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას.