გიორგი ბოტკოველი - მთავარ მოთხოვნად რჩება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებას აზრი არ აქვს
მთავარ მოთხოვნად რჩება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის: წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუ საუბარი შეეხება მათ მთავარ მოთხოვნას.
„ჩვენი მზაობა ცნობილია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ფასილიტატორებისთვის. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ მთავარი მოთხოვნა რჩება მთავარ მოთხოვნად – ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სხვა ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ ოპოზიციური ერთობის ფორმატში ვაგრძელებთ მუშაობას, კონსულტაციებს როგორც ფასილიტატორებთან და მზად ვართ, გავაგრძელოთ ხელისუფლებასთან, თუ მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე იქნება საუბარი. როგორც ჩანს, დღევანდელი უმრავლესობის წევრებს ჰგონიათ, რომ ჩვენც მათსავით ვუდგებით ამ საკითხს. მათთვის მთავარია მხოლოდ და მხოლოდ რბილი სკამი და პარლამენტში ჯდომა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ქვეყანა და მისი განვითარება. არ ვაპირებთ არანაირ დათმობაზე წასვლას, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, თუ საქართველოში არ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ბოტკოველმა.