გიორგი ბოტკოველი - ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა და იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისაღები იქნება გაერთიანებული ოპოზიციისთვის
გიორგი ბოტკოველი - ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა და იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისაღები იქნება გაერთიანებული ოპოზიციისთვის

რა თქმა უნდა, ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა და იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისაღები იქნება გაერთიანებული ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მხოლოდ იმ 12 პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციაშია. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ მას აუცილებლად მოუწევს ზოგადად ოპოზიციური გაერთიანების მოთხოვნის შესრულება და უკან დახევა, რადგან მას სხვა გამოსავალი არ დარჩება“, – განაცხადა ბოტკოველმა.

მისი თქმით, ხალხის პროტესტი დაწყებულია, რაც ზრდადი იქნება და ხალხი აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას.

„ეს არის კონსტიტუციური ფორმით და თქვენ ხედავთ, როგორ წარიმართება ეს აქციები. ოპოზიცია იცავს პროტესტის გამოხატვის ყველა კონსტიტუციურ ფორმას. თუმცა, ხელისუფლება ერთვება გამწვავების პროცესში, მაგრამ ეს გამწვავება და ქმედებები, რა ქმედებებიც ვნახეთ გუშინ, თუ წინა დღეებში, ერთი კვირის განმავლობაში, როცა ორჯერ მოუწიათ მშვიდობიანი პროტესტანტების დაშლა, ეს აუცილებლად უკან შეუბრუნდება ივანიშვილს და მიიღებს ძალიან დიდ პროტესტს, რომელზეც ანგარიშის გაწევა მოუწევს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს დღეს არსებული სისტემა მისთვის მომგებიანი ჰგონია, მაგრამ ის არჩევნებს ამ სისტემითაც წააგებს.

„ივანიშვილს ჰგონია, რომ შეიძლება, დღეს არსებული სისტემა მისთვის მომგებიანი იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ის ამ სისტემითაც წააგებს არჩევნებს. ის ამისთვის ყველაფერს ცდილობს და ეს მაჟორიტარული სისტემა ერთადერთ ხავსად მიაჩნია. დღეს არ არსებობენ მაჟორიტარები, ვისაც რომელიმე რაიონში რამე ავტორიტეტი გააჩნია. არ არსებობენ მაჟორიტარები, რომლებსაც რამე მოდება გააჩნია. დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მაჟორიტარები, რომლებსაც, მაგალითად, რაიონში მოსახლეობის 50 პროცენტი არ იცნობს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა ოპოზიციას იმის რესურსი, რომ თუ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების დაყოლიება ვერ მოხერხდება, ხელისუფლებას ერთიანი ძალებით ისეთი კანდიდატები დაუპირისპიროს, რომლითაც ხელისუფლებების დასაყრდენად ქცეულ მაჟორიტარებს დაამარცხებს, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები არჩევნებს ნებისმიერ შემთხვევაში წააგებენ.

„თუნდაც დღევანდელი, არსებული მაჟორიტარები რომ დააყენონ კანდიდატებად, ან ნებისმიერი სხვა კანდიდატი, ისინი წააგებენ. იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს არჩევნების რამე ფორმით მოგების არანაირი რესურსი აღარ გააჩნია“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.