გიორგი ბოტკოველი - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პარტიას, არასამთავრობოს წარმოადგენს, უნდა ვიზრუნოთ, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღების საშუალება არ მიეცეთ, მთავარი ბერკეტი არის ქართველ ხალხში
გიორგი ბოტკოველი - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პარტიას, არასამთავრობოს წარმოადგენს, უნდა ვიზრუნოთ, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღების საშუალება არ მიეცეთ, მთავარი ბერკეტი არის ქართველ ხალხში

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კითხვები აღარ არსებობს აღარც ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, აღარც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის – ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითიც პარლამენტში, გაერთიანებულ კომიტეტებზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მოღალატეა ყველა, ვინც „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს უჭერს მხარს.

„ყველა დეპუტატი, რომელიც მხარს უჭერდა და მედგრად მოითხოვდა ამ კანონის დროზე გავლას საკომიტეტო მოსმენაზე, თავიდან ბოლომდე არის ჩამოყალიბებული, როგორც ქვეყნის მოღალატე. შეფასებები, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკოსის თუ საზოგადოების წარმომადგენლის მხრიდან, არაფერ კითხვას აღარ იწვევს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ პარტიას, რომელ საზოგადოებრივ ჯგუფს, არასამთავრობოს წარმოადგენს, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, ამ კანონის მიღების საშუალება არ მიეცეთ.

ამისი ბერკეტები არსებობს და მთავარი ბერკეტი არის ქართველ ხალხში. ამ ყველაფერზე მეტყველებდა თუნდაც გუშინ საღამოს გამოთქმული პროტესტი. ერთად უნდა ვიმოქმედოთ ყველამ, ვინც ვალდებულად გრძნობს თავს, ჩართული იყოს პროცესში, შევეწინააღმდეგოთ კანონის მიღებას.

„ქართული ოცნება“ რას დათმობს, ამაზე არაა საუბარი, მთავარია, ქართველი ხალხი. სწორედ ქართველ ხალხზეა ბევრი რამ დამოკიდებული. მიუხედავად ჩვენი პარტიულობისა თუ არაპარტიულობისა, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ამისი რესურსი უკვე არსებობს. გუშინ გამოჩნდა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ ვის წარმოადგენდა, ერთად ვიბრძოდით“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ამასთან, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ვერ მოისმინა განმარტება იმის შესახებ, როგორ შეუწყობს ხელს „ხალხის ძალის“ კანონი ქვეყნის განვითარებას.

„ვნახეთ ყველა განმარტება, როგორ შეუწყობს ხელს ეს კანონი ამ ქვეყნის დაღუპვას, ბოლომდე ჩამონგრევას, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის, დემოკრატიის, განვითარების ჩამონგრევას. სადაც რაიმე ნორმალური და დიდი პროექტი განხორციელებულა, იქნება ეს წყლის პროექტი, ქალაქის განვითარების, საგანმანათლებლო პროექტი, რომლითაც ძალიან ბევრი ოჯახი ამაყობს, რომ მისი შვილი ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში, ყველა ამ პროექტის არსებობას, ფაქტობრივად, ანადგურებს ეს კანონი. მივიღებთ სისტემას, რომელიც მოქცეული იქნება ერთ ვიწრო წრეში და თავიდან ბოლომდე იქნება კონტროლირებადი იმ ხელისუფლების მიერ, რომელი ხელისუფლებაც, რეალურად, რუსულ ძალას წარმოადგენს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.