გიორგი ბოტკოველი - აქციაზე იდგნენ გაბრაზებული ადამიანები, რომლებსაც გათავისებული აქვთ, რას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესს უშლის ხელს
გიორგი ბოტკოველი - აქციაზე იდგნენ გაბრაზებული ადამიანები, რომლებსაც გათავისებული აქვთ, რას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესს უშლის ხელს

ქართველმა ხალხმა საკუთარი თავი თავად წარმოადგინა და ევროპას აჩვენა, რომ ქვეყანა იმსახურებს ევროპაში ინტეგრაციას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე იდგნენ გაბრაზებული ადამიანები, რომლებსაც გათავისებული აქვთ, რას ნიშნავს, რომ რომ ხელისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესს უშლის ხელს.

როგორც ბოტკოველი ამბობს, ყველა პროტესტი უნდა გამოიყენონ, რათა ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ანუ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია არ ყოფილა, „ქართული ოცნება“ ამაზე ჩამოყალიბდა? გუშინდელმა აქციამ დაადასტურა, რომ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს არ წარმოადგენს. ქართველმა ხალხმა თავისი თავი თავად წარმოადგინა და ევროპას აჩვენა, რომ ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციას იმსახურებს. ქვეყანას რომ „ქართული ოცნება“ მართავს, არ ნიშნავს, რომ რეალურად ისინი არიან ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტები. სუვერენიტეტის გარანტი ქართველმა ხალხმა აჩვენა. ხელისუფლება თავს იწყნარებს, თურმე აქციაზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი იდგა, მათ შორის „ქართული ოცნების“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა მოსწონს რომელიმე მათგანს, ვინც იქ იდგა. აქციაზე იდგნენ გაბრაზებული ადამიანები, ვისაც კარგად აქვს გათავისებული, რას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხელს უშლის პროცესს, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი აქტივისტები კარდაკარ დადიოდნენ, რომ გუშინ აქციაზე ადამიანები არ მოსულიყვნენ, მაგრამ იმაზე მეტი მოვიდა, ვიდრე ამას ვინმე ელოდებოდა. მინდა, მწამდეს, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციების შემსრულებელია, მაგრამ მისი ქმედებები იმედს არ მაძლევს, რომ ხელისუფლება რაიმეს შეცვლის. ყველა პროტესტი უნდა გამოვიყენოთ, რათა რეალურად ევროკავშირის წევრი გავხდეთ. ეს იქნება ხელისუფლების ცვლილებასთან, თუ იმ ადამიანების კოალიციური მთავრობის მოსვლაზე, ვინც გარანტი იქნება, რომ ეს ქვეყანა ცივილიზაციის წევრი გახდეს“, – განაცხადა ბოტკოველმა.