გიორგი ბარკალაია საქართველოს პირველი არხის გუნდს შემოუერთდა
გიორგი ბარკალაია საქართველოს პირველი არხის გუნდს შემოუერთდა

გიორგი ბარკალაია საზოგადოებრივ მაუწყებელს მარკეტინგის მიმართულებით, კონსულტანტის რანგში შემოუერთდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ბევრ საჭირო და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩემი ჩართულობა. გუნდთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკვე შედგა, უახლოეს მომავალში კი გვექნება გეგმა, რის მიღწევას ვაპირებთ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი ბარკალაიამ.

გიორგი ბარკალაია სხვადასხვა დროს მსხვილ ქართულ კომპანიებში წამყვან პოზიციაზე მუშაობდა, არის რამდენიმე უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ასევე არაერთი წარმატებული კამპანიის, მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი და საკონსულტაციო კომპანია OnPoint-ის პარტნიორი.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, გუნდს განსაკუთრებით სჭირდება რეკომენდაციები იმ პროფესიონალებისგან, ვისაც დიდი გამოცდილება აქვთ და ორგანიზაციას გარედან ადევნებენ თვალს.

„პირველი არხისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, სრულდება ტექნიკური გადაიარაღება და მალე ორგანიზაცია ახალი ინფრასტრუქტურის, ტექნიკის და ტექნოლოგიის პირობებში გააგრძელებს საქმიანობას. სწორედ ახლა გუნდს განსაკუთრებით სჭირდება რეკომენდაციები იმ პროფესიონალებისგან, ვისაც დიდი გამოცდილება აქვთ და ორგანიზაციას გარედან ადევნებენ თვალს. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება“, – აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.