გიორგი ბარამიძე - რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის ნაცვლად, საზოგადოების უმრავლესობა მშვიდობიანად გააპროტესტებს რეჟიმის პარპაშს, მანამდე თუ ჩამოიშლება რეჟიმი, მივესალმებით, ბრძოლა არ შეწყდება
მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის პროპაგანდა ცდილობს, მშვიდობიანი რევოლუცია გააიგივოს სახელმწიფო ძალადობრივ გადატრიალებასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, მშვიდობიანი, არაძალადობრივი მოქმედება არის საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში და ეს არის ხალხის უფლება.
„რაც შეეხება, როდის მოხდება ესა თუ ის აქცია, როდის გამოვა ხალხი გარეთ და საბოლოოდ როდის ჩამოიშლება ეს ლპობადი მოღალატეთა და კრიმინალთა მაფიოზური ბანდა – არ ვიცით. შეიძლება იყოს 4 ოქტომბრამდე, შეიძლება იყოს 4 ოქტომბერს, როდესაც ისინი რუსულ სპეცოპერაციას ატარებენ, აბსოლუტურად შესაძლებელია. შეიძლება იყოს იმის შემდეგ. არასდროს არცერთ ჩვენს წევრს, არც თინა ბოკუჩავას, არც ლევან ხაბეიშვილს არ უთქვამთ, რომ გინდა თუ არა, ეს 4 ოქტომბერს მოხდება. გვინდა თუ არა, რომ ეს მოხდეს? რა თქმა უნდა, გვინდა. წინასწარ არავინ ვიცით, რა და როგორ იქნება. ეს მოღალატეთა ბანდა, რომელიც ერთმანეთს ესვრის ან თავიანთ წევრებს თავს აკვლევინებს, შეიძლება, მანამდე ჩამოიშალოს, რადგან თავიდან ბოლომდე გახრწნილია, შიგნიდან არის გამომპალი. ამიტომ ჩვენი ბრძოლა ყოველთვის გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ბარამიძის განმარტებით, 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი ის თარიღი, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა ქუჩაში.
„ბუნებრივია იმიტომ, რომ რუსულ სპეცოპერაციაზე პასუხი რა უნდა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას? ის ხომ არ იქნება, რომ წავიდეს და რუსული სპეცოპერაციის პუნქტებში მივიდეს, ლეღვის ფოთლის როლი შეასრულოს, ანტურაჟის როლი შეასრულოს და ამ რეჟიმს გარკვეული ლეგიტიმაცია მისცეს? არა მარტო ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ამისთვის იქნება გამოყენებული, არამედ თვით ევროპარლამენტის რეზოლუციაც, ყველა ძირითადი ევროპული პარტია ამას ამბობს და ეს ნათელია. ამიტომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ნაცვლად რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობისა, გამოვა გარეთ და გააპროტესტებს არაძალადობრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან მტკიცედ ამ რეჟიმის საქართველოში პარპაშს. მანამდე თუ ჩამოიშლება ეს რეჟიმი, მივესალმებით, თუ 4 ოქტომბერს ჩამოიშლება, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება, თუ არადა ჩვენი ბრძოლა მაინც არ შეწყდება. ყველა შემთხვევაში გაგრძელდება 5 ოქტომბერს, 10-ში, 30-ში და ა.შ. ვიდრე ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას ხელისუფლებიდან არ ჩამოვაცილებთ.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ იქნება ეს 4-მდე, 4-ში თუ მის შემდეგ, მოვახდინოთ ქართული საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია, მათ შორის იმ ადამიანებისა, რომლებიც, მაგალითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა. ეს არის უდიდესი რესურსი, რომელსაც, მათ შორის, ბოროტად იყენებს ეს რეჟიმი“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.