გიორგი ბარამიძე - რას ჰქვია, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და ვიღაცას სააკაშვილი არ უნდა, ასე არ გამოვა
გიორგი ბარამიძე - რას ჰქვია, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და ვიღაცას სააკაშვილი არ უნდა, ასე არ გამოვა

რას ჰქვია, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა? ასე არ გამოვა, მეგობრებო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთმანეთს გვერდით უნდა დაუდგეს.

„ეგზიტპოლი რამდენიმე წუთის გამოცხადებული იყო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო ქართველი ხალხის ვერდიქტი და ბიძინა ივანიშვილო, შენ ვინ მიგდიხარ, რომ არ მიიღო ეს ვერდიქტი. მიხეილ სააკაშვილს კოჭებამდეც ვერ მიწვდები. ძალიან მიხარია, რომ აქ ვხედავ ჩვენს კოლეგებს და კონკურენტებს. ყველა ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და გვიყვარდეს. ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, განურჩევლად ეთნიკურობისა. ყველამ თუ უნდა ავიტანოთ ერთმანეთი, რას ჰქვია, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია, ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა? მიხეილ სააკაშვილის მომხრე და მხარდამჭერი ხალხი გვინდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამ არჩევნების მთავარი გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი არ გინდა? ასე არ გამოვა, მეგობრებო. მასე არ გამოვა ბიძინა ეგ ამბავი. მიშაც უნდა ჩამოვიდეს, ყველა დევნილი უნდა ჩამოვიდეს და ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ყველამ უნდა მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა. მართალია შორს არის, მაგრამ მასთან ურთიერთობის საშუალება გვაქვს. მიშას პატივისცემა თითოეული თქვენგანის პატივისცემაა და არავის არაფერი შეეშალოს“ ,- განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება, ბათუმში მიმდინარე აქციიდან „ლელოს“ წარმომადგენლების წასვლას, ბარამიძე აცხადებს, რომ აღნიშნულის მიზეზი არ იცის.

„ზუსტად არ ვიცი, რატომ დატოვეს „ლელოს“ წარმომადგენლებმა აქცია, ამაზე თვითონ გააკეთებენ კომენტარს, მაგრამ თუ ამის მიზეზი გახდა ის, რომ აქ ადამიანების უმრავლესობას ხელში ეჭირა წარწერა-მიშა დაბრუნდი, ეს ძალიან არასერიოზულია, ეს ვერ იმოქმედებს საერთო ერთობაზე. მიტინგზე გინდა პარტიის ათასობით მხარდამჭერი და მათი ლიდერი არ გინდა, ეს ძალიან არასერიოზულია“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.