გიორგი ბარამიძე - ხელისუფლებას ვურჩევდი, გადადგას ნაბიჯი, რათა ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს
გიორგი ბარამიძე - ხელისუფლებას ვურჩევდი, გადადგას ნაბიჯი, რათა ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს

ხელისუფლებას ვურჩევდი, მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმას, გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე, გადადგან ნაბიჯი, რომელიც არის საჭირო, რათა ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძე განაცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი ცივილიზებული გზა ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო რესპუბლიკაა, არის ვადამდელი არჩევნები.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები პოლიტიკური პატიმრებისა და დევნილების არყოფნის პირობებში“, – განაცხადა ბარამიძემ.

კითხვაზე, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე არ აღიარებს ქვეყანაში პოლიტპატიმრების ყოფნას და მათ კრიმინალებს უწოდებს, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა: „ამ ადამიანებს არ აქვთ გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე“.

მისივე თქმით, ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნილია ხელისუფლების უზურპაციის გამო.

„ძალიან არაკონსტრუქციულად იქცევიან, ძალიან არასახელმწიფოებრივად იქცევიან, მაგრამ რაც უფრო არასწორად მოიქცევიან, რაც უფრო აგრესიულობას გამოამჟღავნებენ, მათი სახე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება არამარტო საზოგადოების წინაშე, არამედ ჩვენი მეგობრების წინაშე. შესაბამისად მათი დამარცხება არის გარდაუვალი“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ჩაერთო ევროკავშირი.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველო მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა, არსებული რეჟიმისა, არის ძალიან მაღლა ჩვენი ევროპელი პარტნიორების დღის წესრიგში, რადგანაც მათ აქვთ დიდი იმედი, რომ ჩვენი ქვეყანა მიუხედავად ყველაფრისა, არ გადაუხვევს. ხედავთ, რომ ქვეყანაში არის შექმნილი ისეთი ვითარება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში გაწევრიანების კურსს. ეს ყველაფერი ძალიან აღელვებს ჩვენს მეგობრებს. ამიტომ ეს ჩართულობა იმედს გვაძლევს. რომ არ მიეცემა საშუალება ივანიშვილის რეჟიმს, გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. ახლა მათ აქვთ ჩვეული ტაქტიკა, რომ დრო გაწელონ ან რაღაც ფაქტორებზე ითამაშონ. არ გამოუვათ. დარწმუნებული ვართ, თუ საჭირო იქნა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვება კიდევ უფრო მაღალ დონეზე და კიდევ უფრო ინტენსიურად. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. გაგრძელდება ქართველი ხალხის და საღი აზრის გამარჯვებით“, – განაცხადა ბარამიძემ.