გიორგი ბარამიძე - გადატრიალებას არავინ აპირებდა და არ აპირებს, მშვიდობიანი პროტესტი აუცილებლად იქნება კონსტიტუციის და კანონმდებლობის ჩარჩოებში
გიორგი ბარამიძე - გადატრიალებას არავინ აპირებდა და არ აპირებს, მშვიდობიანი პროტესტი აუცილებლად იქნება კონსტიტუციის და კანონმდებლობის ჩარჩოებში

არავინ არანაირ გადატრიალებას არ აპირებდა და არ აპირებს, საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალებას ვერავინ წაართმევს, ეს მშვიდობიანი პროტესტი აუცილებლად იქნება კონსტიტუციის და კანონმდებლობის ჩარჩოებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ეს განცხადებაც და სხვა განცხადებებიც მთლიანობაში ადასტურებს სწორედ იმას, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული მანქანა ცრუობდა. არავინ არანაირ გადატრიალებას არ აპირებდა და არ აპირებს, არანაირ ძალადობრივ ქმედებას არავინ აპირებდა და არ აპირებს.

არავის წაურთმევია და ვერც წაართმევს საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალებებს და ბუნებრივია, ეს მშვიდობიანი პროტესტი აუცილებლად იქნება კონსტიტუციის და კანონმდებლობის ჩარჩოებში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არავითარ შემთხვევაში, რომ იტყვიან არ გავახარებთ მტერს, არ გავახარებთ ივანიშვილს, არ გავახარებთ ივანიშვილის ტყუილების მანქანას, რომ გამართლდეს ის, რითაც ქართულ საზოგადოებას აშინებდა.

ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ ქართველი ხალხის ნებიდან გამომდინარე და ვართ პირველყოვლისა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან გარანტი სწორედ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და ნორმალური, ცივილიზებული განვითარების“,- განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, სამომავლოდ რას მოიმოქმედებს „გაერთიანებული ოპოზიცია“, ამაზე შეთანხმდებიან და საზოგადოებას აცნობებენ.

„არავინ არანაირ განცხადებას არ ემიჯნება და არ სჭირდება არანაირი გამიჯვნა. არავის არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა არანაირი ძალადობის თაობაზე მოწოდება და ეს აბსოლუტურად ნათელია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მშვიდობიანი პროტესტის ფორმები არავის არ აუკრძალავს და ეს მშვიდობიანი პროტესტის ფორმები ბუნებრივია იქნება გამოყენებული.

ყველა განცხადება, მათ შორის ესე მოიაზრებს მშვიდობიან ფორმას პროტესტისა, რომელიც აუცილებლად იქნება კიდეც გამოსახატი და ამის თაობაზე, უკვე კონკრეტულად როგორი ნაბიჯები იქნება მშვიდობიანი და კონსტიტუციის ჩარჩოებში, გადაწყვეტს გაერთიანებული ოპოზიცია და ეს ყველაფერი ბუნებრივია ეცნობება ჩვენ საზოგადოებას. ყველა დაინახავს როგორ სოლიდურად, პასუხისმგებლობით იმოქმედებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ნორმალური, ცივილიზებული სახელმწიფო და ამავდროულად, რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდობიანი, კონსტიტუციური მეთოდებით გავთავისუფლდეთ ივანიშვილის ბანდიტური, მაფიოზური რეჟიმისაგან”,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებსარჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

დატოვე კომენტარი