გიორგი ბახტურიძე - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიღებას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა, საზოგადოებაში განწყობა საკმაოდ კარგია
გიორგი ბახტურიძე - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიღებას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა, საზოგადოებაში განწყობა საკმაოდ კარგია

გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 90% „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიღებას წლების განმავლობაში ითხოვდა და შესაბამისად, მოსახლეობაში განწყობა საკმაოდ კარგია, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რაც შეეხება მწეველებსა და რესტორნებს, მწეველთა დაახლოებით 60% კანონის მიღების მომხრე იყო, დანარჩენი 40%-იდან კი, აგრესიული და დაუმორჩილებელი შესაძლოა, ერთეულები იყვნენ. რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, გარკვეულ ინციდენტებს ველოდებით, მაგრამ რესტორნებში ჩხუბი და დავი-დარაბა ყოველდღიურად ხდება, ასეთი შემთხვევები ხშირია და ადმინისტრაციები დაცვის საშუალებით სიტუაციის კონტროლს უზრუნველყოფენ, ხოლო თუ ვერ უზრუნველყოფენ, პატრულს იძახებენ და ამ კანონის შემთხვევაშიც ასე იქნება“, – განაცხადა ბახტურიძემ.

მისი თქმით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციას, ისევე როგორც სწორედ ორგანიზაციაა პასუხისმგებელი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმისა თუ სახანძრო უსაფრთხოების დაცვაზე. 

„პასუხისმგებლობა ორგანიზაციას აქვს და ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი არ ჯარიმდება. ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ ის ადმინისტრაციის მითითებას არ ემორჩილება, აგრესიულად მოქმედებს და კანონს აშკარად, ცინიკურად არღვევს. თუ მისი განეიტრალება დაცვამაც ვერ უზრუნველყო, ადმინისტრაცია იძულებული ხდება, პატრული გამოიძახოს“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი გასული წლის მაისში დაამტკიცა, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილის ამოქმედების თარიღად 2018 წლის პირველი მაისი განისაზღვრა, ხოლო მეორე ნაწილი ძალაში 2020 წლიდან შევა.

დატოვე კომენტარი