გიორგი ბადრიძე ვარაუდობს, რომ ბრიტანეთის საპასუხოდ რუსეთი „სარკისებურ ზომებს“ მიმართავს 
გიორგი ბადრიძე ვარაუდობს, რომ ბრიტანეთის საპასუხოდ რუსეთი „სარკისებურ ზომებს“ მიმართავს 

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე ვარაუდობს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთი „სარკისებურ ზომებს“ მიმართავს.

როგორც მან პირველ არხს განუცხადა, ეს შესაძლოა, დიპლომატიურ ურთიერთობებს შეეხოს და გარკვეული ეკონომიკური სანქციების დაწესებასაც გულისხმობდეს.

„რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს სანქციები ბრიტანულ კაპიტალზე, შური იძიოს ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებზე, მაგრამ რუსეთის არსენალი ბრიტანეთის მიმართ ბევრად შეზღუდულია, რადგან რუსული კაპიტალია უფრო მეტად შესული ბრიტანეთში, კაპიტალი, რომელიც რუსეთიდან გამოქცეული ან თავშეფარებულია, მათ შორის ისეთი, რომელიც კრემლთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნის“, – განაცხადა ბადრიძემ.

მისი შეფასებით, ამ მხრივ, წლების განმავლობაში ბრიტანეთს მეტი ბერკეტი ჰქონდა, მაგრამ სრულიად შეგნებულად იკავებდა თავს. „მათ შორის იმის გამოც, რომ რუსეთმა შეძლო ბრიტანეთში ერთგვარი ლობის ჩამოყალიბება რუსულ კაპიტალთან დაკავშირებული პოლიტიკოსების, ან ყოფილი პოლიტიკოსების, ანალიტიკოსების და სხვა პირების მეშვეობით“ – ამბობს გიორგი ბადრიძე.

ყოფილი ელჩის შეფასებით, ტერეზა მეის გადაწყვეტილება, რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ დაგვიანებულია, რადგან როგორც ბადრიძე ამბობს, ბრიტანეთი ერთგვარ სათარეშო არენად იქცა რუსული სპეცსამსახურებისთვის და ბრიტანეთში მრავალი წლის განმავლობაში რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობას ახერხებდნენ, რასაც მისი თქმით, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაც ადასტურებს. რუსეთიდან დევნილის მკვლელობა კი, გიორგი ბადრიძის განცხადებით, არ ტოვებს არანაირ ეჭვს იმის შესახებ, ვის მიერ არის დანაშაული ჩადენილი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლონდონი წყვეტს უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტს რუსეთის ხელისუფლებასთან. ტერეზა მეის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო.