გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ, საქართველოს დატოვების მიუხედავად, ბაჩიაშვილი სასამართლოს დისტანციურად მისცემს ჩვენებას
როგორც თქვენთვის არის სიახლე, იგივეა ჩემთვისაც, მასთან პირველი კომუნიკაცია პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მქონდა და მითხრა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეტალებით არ დაინტერესებულა და არ იცის, რომელ ქვეყანაში იმყოფება. მისივე თქმით, ბაჩიაშვილი თანახმაა, რომ ჩვენება დისტანციურად მისცეს.
„არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია. შესაბამისად, ერთადერთი ვიცი, რომ თანხმობას აცხადებს, ჩვენება დისტანციურად მისცეს. პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელმაც საზღვარი გადალახა და ეს ყველამ 12:00 საათზე შევიტყვეთ, მე რატომ უნდა გამოვკითხო, როდის და რა ფორმით წავიდა, რატომ უნდა დავინტერესდე ამ დეტალებით? მისი გადასაწყვეტია, არავისთან არ შეუთანხმებია. დღეს ვესაუბრე, ჩვეულებრივად პროცესზე გამოცხადების მოლოდინი მქონდა და ამ პოსტის შემდეგ დავინტერესდი, რას ნიშნავდა ეს ტექსტი. მითხრა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რეზონანსულია ეს საქმე, ხშირად გვისაუბრია პერსპექტივებზე, განწყობა გვქონდა ყველანაირად გამოკვლეული მტკიცებულებების შემდეგ, რომ, დიდი ალბათობით, გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. მესმის, რომ მაღალია საზოგადოების ინტერესი, მაგრამ ნამდვილად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ არანაირ დეტალებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლევან მახარაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს დაიკითხება მოწმე, გერმანელი ექსპერტი, რომელმაც ალტერნატიული დასკვნა დადო.
„ეს არის ფონოსკოპიური ექსპერტიზა, კერძოდ, ექსპერტი ისაუბრებს რა მეთოდოლოგიით, ტექნოლოგიით ჩაატარა აღნიშნული კვლევა და როგორ დაადგინა ხმების კუთვნილება პირების მიმართ. ექსპერტი აცხადებს, რომ წყვეტა არ არის“, – აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება კითხვას, ქვეყნის დატოვების გამო ხომ არ შეიძლება, შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ გირაოს პირობების დარღვევა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველია.
„ფორმალურად, საკანონმდებლო მოთხოვნა ასეთია, როდესაც ადამიანი დაარღვევს გირაოს პირობებს, ეს საფუძველია ბრალდების მხარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, შესაბამისად, არის ამის ალბათობა, ცხადია, რომ მათ მოითხოვონ შეცვლა გირაოსი დაპატიმრებით, რაც მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.