გიორგი ბაჩიაშვილი „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში იმყოფება
გიორგი ბაჩიაშვილი „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში იმყოფება

„მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალის წარდგენა კიდევ ერთი ფაბრიკაციაა, რომლითაც ივანიშვილს უფრო მძიმე ვითარებაში შეჰყავს საკუთარი თავი, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პირადი ანგარიშსწორება, პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანს სურს მისი დასჯა იმის გამო, რომ არ გახდა იმ ანტიდასავლური ქმედებების თანამონაწილე, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ჩადის.

„გუშინ ჩემი გამომძიებელი დამიკავშირდა და მაცნობა, რომ გამოვცხადებულიყავი პროკურატურაში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალის წარდგენაზე. ეს არის მეორე ფაბრიკაცია, რომელიც ივანიშვილმა თავისი ჩვენებისას სასამართლოში დამიანონსა, რომ იქნებოდა დამატებით სისხლის სამართლის დევნა. ეს ჩემთვის არ იყო არც სიახლე, არც მოულოდნელობა, თუმცა, კიდევ ერთხელ, უფრო მძიმე ვითარებაში შეჰყავს თავისი თავი ივანიშვილს. კიდევ უფრო ამტკიცებს თავის მდგომარეობას და სიტუაციას, ერთ უსაფუძვლო საქმეს მეორე უსაფუძვლო საქმეს ამატებს, რაც ევროპული სასამართლოსთვის კიდევ დამატებითი მტკიცებულება იქნება, რომ ეს არის პირადად, კერძოდ, მოტივირებული ანგარიშსწორება პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან, რომ გამომძალოს დიდი თანხა და დამსაჯოს იმის გამო, რომ არ გავხდი მისი თანამონაწილე იმ ანტიდასავლურ ქმედებებში, რასაც ის ჩადის“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

მისი თქმით, თანაინვესტირების ფონდი, „მტკვარი ჰესთან“ ერთად, რამდენიმე პროექტს მართავდა, დასავლური პრაქტიკით დაფუძნებულ ფონდში გადაწყვეტილება საბჭოს მიერ მიიღებოდა, საბჭოში კი ყველა თანაბარუფლებიანი იყო.

„„მტკვარი ჰესის“ საქმეში მხოლოდ ის ვიხილეთ, რომ ივანიშვილი საჩივარში ამბობს, რომ „მტკვარი ჰესის“ ბიუჯეტი გაიზარდა და ბაჩიაშვილმა ალბათ ფული მოიპარაო. საქმეში არც მტკიცებულება, არც რაიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ იდო. თანაინვესტირების ფონდი, „მტკვარი ჰესთან“ ერთად, რამდენიმე პროექტს მართავდა, დასავლური პრაქტიკით დაფუძნებულ ფონდში გადაწყვეტილება საბჭოს მიერ მიიღებოდა, საბჭოში კი ყველა თანაბარუფლებიანი იყო. ამის შემდეგ გადაწყვეტილება მიეწოდებოდა „მტკვარი ჰესს“, რომელიც აღასრულებდა გადაწყვეტილებას თავისი დირექტორის და თანამშრომლების მეშვეობით. „მტკვარი ჰესში“ ჩართული იყვნენ დასავლური საინჟინრო კომპანიები, რომლებიც ამოწმებენ დოკუმენტებს და განიხილავდნენ შემოსულ ტენდერულ წინადადებებს, იდეაშიც, რომ მდომოდა მე, როგორც დირექტორს უკანონობის ჩადენა, არ მქონდა უფლებამოსილება, ჩემი ხელმოწერით დამევალებინა „მტკვარი ჰესისთვის“ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება. მინდა, განვაცხადო, რომ „მტკვარი ჰესში“ არ არის მიღებული არანაირი არასწორი გადაწყვეტილება, ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ იქნება გაფლანგვის და მითვისების დამადასტურებელი. არ ვიცი, ბრალს რა მუხლით წამიყენებენ, არცერთი დანაშაული არ იკვეთება და არ ვიცი, პროკურატურას საქმის შესაკერად რომელი მუხლი უფრო აწყობს“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.