„ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი - თბილისის მეტრო 1966 წლიდან კომპლექსურად არ განახლებულა
„ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი - თბილისის მეტრო 1966 წლიდან კომპლექსურად არ განახლებულა

„ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე და ყველა რემონტი, რომელიც 2006 წლიდან დღემდე მეტროპოლიტენში ჩატარდა, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ უნდა შეამოწმოს.

მისი თქმით, მეტროში საკმაოდ რთული ვითარებაა, 2017 წელს ფრანგულმა კომპანია “სისტრამ” დაკვეთით განახორციელა მეტროს ინვენტარიზაციის კვლევა და ფაქტობრივად მთელი ინფრასტრუქტურის განახლების რეკომენდაცია გასცა.

“კვლევის შედეგად, კომპანიამ რეკომენდაციის სახით გასცა ფაქტობრივად მთელი ინფრასტრუქტურის განახლების რჩევა: ვენტილაცია, გვირაბები, მოძრავი შემადგენლობა, ელექტრო აღჭურვილობა და ა.შ. მეტრო 1966 წლიდან კომპლექსურად არ განახლებულა, ხდებოდა მხოლოდ მიმდინარე რემონტი და აუცილებელია, გაიწეროს ეტაპობრივი პროგრამა, როდესაც მოხდება მეტროს ინფრასტრუქტურის კაპიტალური მოდერნიზაცია”, – აცხადებს ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი.

მისივე თქმით, ორგანიზაცია „ურბანული ლაბორატორია” ექვსი თვის წინ აძლევდა სატრანსპორტო კომპანიას რეკომენდაციას, რომ შეკიდული ჭერი არსებული ფორმით ვარკეთილში არ გაკეთებულიყო.

“შეკიდულ ჭერს არანაირი ფუნქციური დატვირთვა არ ჰქონდა, ექსპერტიზა კი ზერელედ და არაპროფესიონალურად ჩატარდა”, – აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი.