გიორგი ბაბუნაშვილი – საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დღეში, დაახლოებით, 200 ათასი ადამიანით არის გაზრდილი, შეუძლებელია, ველოდოთ, რომ 30 წელში დაგროვილი პრობლემები ორ-სამ წელიწადში გადაწყდება
სტატისტიკას თუ შევხედავთ, 2020 წლიდან მოყოლებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დღეში დაახლოებით, 200 ათასი ადამიანით არის გაზრდილი, – ამის შესახებ „ურბანული ლაბორატორიის“ დირექტორმა, გიორგი ბაბუნაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მანქანების რაოდენობა იზრდება, დღევანდელი მონაცემებით, თბილისში დაახლოებით, 800 ათასი ავტომობილი მოძრაობს, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით, 40% არის თბილისში შემოსული ავტომობილები, იმ ადამიანების გადაადგილება, რომლებიც ყოველდღიურად ჩამოდიან სასწავლებლად, სამუშაოდ და ასე შემდეგ. ეს არის ის სეგმენტი, რომელშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივა ჯერჯერობით ჯერ კიდევ გასავითარებელია და წინ არის. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ სატრანსპორტო რეფორმა ადამიანებს არ აძლევს კარგ ალტერნატივას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეს ასე არ არის. უბრალოდ, ჩვენ უნდა ვნახოთ, რა სეგმენტებში ხდება ჭარბი ავტომობილიზაცია“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს პერიოდში, რომ შედარებით მაინც შემსუბუქდეს თბილისში გზებზე არსებული საცობები, გიორგი ბაბუნაშვილმა განაცხადა, რომ შეუძლებელია, რეალისტურად ველოდოთ, რომ 30 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემები ერთ-ორ და სამ წელიწადში გადაწყდება.
„თბილისის სატრანსპორტო სისტემა შეიძლება, შევადაროთ ხანგრძლივ ავადმყოფს, რომელსაც წლები არ მკურნალობდნენ, ან არასწორად მკურნალობდნენ და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ფაქტობრივად, სატრანსპორტო რეფორმა მასშტაბურად 2016-2017 წლებში დაიწყო. იქამდე პატარ-პატარა რაღაცები იყო, მიკროავტობუსების შემოყვანა და რაღაც, თუმცა მასშტაბური და სისტემური მიდგომა აქედან დაიწყო. იქამდე ეს იყო თვითნებაზე და ქაოსურად მიშვებული სისტემა, სადაც პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ გროვდებოდა, ადამიანებს სხვა საშუალებაც არ რჩებოდათ, გარდა იმისა, საკუთარი ავტომობილი შეეძინათ. ამან თავისი გარკვეული ინერცია შექმნა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რეალისტურად ველოდოთ, რომ 30 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემები გადაწყდება ერთ-ორ და სამ წელიწადში. სატრანსპორტო რეფორმა ზოგადად, არ არის რაღაც ერთი დასრულებული მონაკვეთი, რომელიც დაიწყო, ხუთ წელიწადში დასრულდება და ხუთი წელიწადის შემდეგ ყველამ ამოვისუნთქეთ“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.
მისი თქმით, საცობების განსატვირთი ნაბიჯია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარება.
„პირველ რიგში, ეს იქნება სარკინიგზო ტრანსპორტი, რომელიც მოიცავს მეტროსა და მატარებლის კომბინაციას. მას მოჰყავს მგზავრები მცხეთიდან, რუსთავიდან, მარნეულიდან, გარდაბნიდან, იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც თბილისზე არიან ეკონომიკურად მიბმული. ამავე დროს, მოძრაობს საკმარისად მაღალი სიხშირით, მაგალითად, ყოველ 10-15 წუთში, რომ ეს ადამიანებისთვის კარგი ალტერნატივა იყოს, მათ არ ჰქონდეთ აუცილებლობა, შეიძინონ ავტომობილი, დახარჯონ თანხები საწვავში, მის ცვეთაში და ასე შემდეგ. თვითონ ქალაქის შიგნითაც გვაქვს საკმაოდ დიდი სიგრძის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ქალაქის ბევრ უბანს მოიცავს, მისი დაფარვის არეალი საკმაოდ ფართოა და ქალაქის შიგნით ეს ტრანსპორტი მეტროს დამატებითი ხაზის ფუნქციას შეასრულებს. საბედნიეროდ, ბოლო დროს დაიწყო ამაზე საუბარი და დაწყებულია კვლევა, რომელიც სწავლობს თბილისის აგლომერაციული რკინიგზის პროექტის შესაძლებლობას. ეს შეიძლება, სამი, ოთხი, ხუთი წელი გაგრძელდეს და ამდენი ხანი გრძელდება ყველგან ასეთი პროექტები. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მარტო ამ პროექტის იმედად ვერ ვიქნებით. იგივე ავტობუსის დერეფნებიც უნდა გაგრძელდეს და დამთავრდეს, როგორც ვიცი, იგეგმება დამატებითი ავტობუსების შეძენა ქალაქში და საუბარია მეტროს ახალი ამოსასვლელების გახსნაზე, რომელიც დაფარვის არეალს გაზრდის. მაგალითად, პერსპექტივაც არსებობს, რომ ეს შეიძლება გლდანი, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი. რაც მთავარია, ტრამვაის პროექტზე უკვე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კომპანია „ემრე რეისთან“. ყველაზე რთული წერტილია დიდი დიღომი, რომელსაც ქალაქის საქმიან ცენტრთან დააკავშირებს სწრაფი და მაღალი გამტარუნარიანი ტრანსპორტი“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.