გიორგი ათაბეგაშვილი - ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულების აღებას ბუდაპეშტიდან დაიწყებენ #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქი 8-10 ივლისს პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლებს. ბუდაპეშტის გრანდ სლემზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 13 წევრი იასპარეზებს. 15-17 ივლისს კი ზაგრების გრან პრი გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი ასევე თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით იაპარეზებს.
მოახლოვებულ შეჯიბრებებსა და სპორტის გულშემატკივრებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ პირველი არხი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დაუკავშირდა. გიორგი ათაბეგაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ძიუდოისტები ორივე ტურნირზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. მისი თქმით, ჩვენი ნაკრების წევრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულების აღებას ბუდაპეშტიდან დაიწყებენ.
ათაბეგაშვილმა ნაკრების შემადგენლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბუდაპეშტის და ზაგრების შეჯიბრებები ნაკრების მწვრთნელებს საშუალებას მისცემს, გამოცდილ სპორტსმენებთან ერთად ახლგაზრდებსაც დააკვირდნენ. ნაკრების დანაკლისი მოახლოებულ ტურნირებზე ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი ლაშა ბექაური, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე და მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი არიან. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა,რომ ლაშამ გადატანილი ოპერაციების შემდეგ ვარჯიში უკვე განაახლა და მისი დაბრუნება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე რომელიმე ტურნირზე გამოსვლით ივარაუდა. ბრმანაწლავის ოპერაციის შემდეგ უკვე ვარჯიშობს და სასურველ ფორმაში ჩადგომას შეეცდება ლუკა მაისურაძეც, გურამ თუშიშვილი კი ჯანმრთელადაა და ინდივიდუალურ ვარჯიშს განაგრძობს.
ჩვენი ეროვნული გუნდის შემადგენლობა ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის:
60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე.
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ: გიორგი შერაზადიშვილი, ზაურ დვალაშვილი
90 კგ: ბექა ღვინიაშვილი,ნიკა ხარაზიშვილი
100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+100 კგ: გელა ზაალიშვილი
78 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი
2022 წლის ბუდაპეშტის გრანდ სლმეზე ყველა ეროვნულ ნაკრებს უძლიერესი შემადგენლობით ელოდებიან. სავარაუდოდ, ტატამზე ტედი რინერიც დაბრუნდება.