გიორგი არაბიძე - თურქულმა კლუბმა ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება მიიღო
გიორგი არაბიძე - თურქულმა კლუბმა ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება მიიღო

გიორგი არაბიძე თბილისშია და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, ევრო 2021-ის შესარჩევი ციკლის თამაშებისთვის ემზადება – გუნდი ლიხტენშტაინს 5 სექტემბერს გორში მიიღებს, ხოლო აზერბაიჯანს 10 სექტემბერს ბაქოში ესტუმრება.

ზაფხულში გიორგი პორტუგალიური „ნასიონალიდან“ თურქეთში, „ადანასპორში“ გადავიდა და ახალ გუნდში შეხვედრაც ჩაატარა.

ახალგაზრდული ნაკრების ლიდერის თქმით, თურქულმა კლუბმა მისი მოლოდინი გაამართლა.

„ჩემმა ახალმა კლუბმა, „ადანასპორმა“ „ნასიონალისგან“ ერთწლიანი იჯარით დამიმატა და ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება მიიღო. თურქეთის მეორე ლიგაში იმისთვის წავედი, რომ მეტი სათამაშო დრო მქონდეს. „ადანასპორში“ საუკეთესო პირობებია და გამორჩეული ფანებიც ჰყავს. სავარჯიშო კომპლექსი, სტადიონი, პირობები ძალიან მაღალ დონეზეა, ვარჯიშებზე კი 5 000 ადამიანი დადის. რაც მთავარია, გუნდი თურქეთის სუპერლიგაში დასაბრუნებლად ბრძოლას გეგმავს და ეს დამატებითი სტიმულია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი არაბიძე.