გიორგი ანწუხელიძის ოჯახს თხინვალას ​დასახლებაში მიწის ნაკვეთი გადაეცა
გიორგი ანწუხელიძის ოჯახს თხინვალას ​დასახლებაში მიწის ნაკვეთი გადაეცა

ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები გაეცნენ.

ასევე, მერიის ინიციატივით, გიორგი ანწუხელიძის ოჯახს დასახლებაში არსებული მიწის 470 კვადრატამდე მიწის ნაკვეთი გადაეცა.

„დღეს თხინვალაში ვიმყოფებით, სადაც მორიგი კარგი პროექტი განხორციელდა მოსახლეობისთვის. ესეც ჩვენი დაპირება იყო, რომ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მთლიანად იყოს რეაბილიტირებული, მოწესრიგებული. ამ პროექტის ფარგლებში მოეწყო სარბენი ბილიკი, ახალი ხე-მცენარეებია, განთავსებულია ღამის განათებები, დასასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას ყოველთვის მივესალმებით. მინდა, ასევე ერთ სიახლეზე გითხრათ, ჩვენი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და გიორგი ანწუხელიძის ოჯახს სოფელ თხინვალაში, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა, ოჯახს გადაეცა 461 კვადრატული მიწის ნაკვეთი საჩუქრად მუნიციპალიტეტისგან. დიდება გმირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორია, რომლის ფართობი 4 500-მდე კვადრატული მეტრია, რეაბილიტირდა, გამწვანდა, დაირგო 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, დაიგო ბალახი, მოეწყო სარწყავი და განათების ქსელები, დამონტაჟდა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები. რეკრეაციულ სივრცეში ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონა, სავალი და ველობილიკები, რეაბილიტირდა კომბინირებული სპორტული მოედანი და სკვერი შემოიღობა. მონიტორინგის მიზნით, ტერიტორიაზე ვიდეოკამერები დამონტაჟდა. სკვერში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალიც განთავსდა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 740 000 ლარს შეადგენს.