გიორგი ამილახვარმა ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
გიორგი ამილახვარმა ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 19-21 აპრილს თბილისში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მიიღო.

გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში საერთაშორისო ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი მისწრაფება ევროპისკენ არის უცვლელი და დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა იმისა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე არის დიდი ევროპული საგანმანათლებლო ოჯახის ნაწილი. სწორედ ამის ხაზგასმაა დღეს ENQA-ს ფორუმი, რომელიც თბილისში პირველად ტარდება. აქ ჩამოსულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხარისხის სააგენტოების თითქმის ყველა ხელმძღვანელი. ვიმსჯელებთ იმ გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებაზე, რომელიც დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ვისაუბრებთ იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც დღეს საქართველოს განათლების სექტორში გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვამა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიღწევებზეც ისაუბრა და ცენტრის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის მოპოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ფორუმის ფარგლებში ევროპის 32 ქვეყნის წარმომადგენლები – ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის (EQAR), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები და მათი თანამშრომლები განიხილავენ ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებსა და ტენდენციებს.