გიორგი ამილახვარმა 100 წარმატებული სტუდენტის დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გიორგი ამილახვარმა 100 წარმატებული სტუდენტის დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა წარმატებული პირველკურსელების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო მსგავს წამოწყებებს სრულად უჭერს მხარს და მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებაში აქტიურ ჩართულობას.

„ეს არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალში – განათლებაში და უდიდესი სტიმული თითოეული სტუდენტისთვის, რომელმაც მოიპოვა სტიპენდია. მჯერა, აღნიშნული პროგრამა შეუწყობს ხელს სტუდენტებს, უფრო შემართებით გააგრძელონ სწავლა და მიაღწიონ მეტ წარმატებას. თითოეულ სტუდენტს, მათ მშობლებს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებას. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის პროექტებს და ღია ვართ თანამშრომლობისთვის სხვადასხვა კომპანიასთან“, – განაცხადა ამილახვარმა.

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა 100 წარმატებული პირველკურსელი, რომლებმაც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ისინი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიის სახით 300 ლარს მიიღებენ.

გარდა ამისა, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე ერთი სტუდენტი – ჯამში, 10 პირველკურსელი, რომლებიც 25-31 იანვარს გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში, სადაც დაესწრებიან NBA-ს მატჩს და ესტუმრებიან სტენფორდის უნივერსიტეტს.