გიორგი ამილახვარი - ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან რიგ საკითხებზე მოლაპარაკება შედგეს
გიორგი ამილახვარი - ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან რიგ საკითხებზე მოლაპარაკება შედგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან შედგეს მოლაპარაკება რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც ამილახვარმა განმარტა, საუბარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ დასმულ საკითხებზე.

„ამ დღეებში მიმდინარეობდა ელჩებთან შეხვედრები, როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების. არის გარკვეულ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა და შემიძლია, გითხრათ, რომ ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან მაინც რიგ საკითხებზე შედგეს მოლაპარაკების პროცესი, იმ საკითხებზე, რომლებიც ბატონმა დანიელსონმა დააყენა“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობს, დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ დაასახელებს.

„კონკრეტულად ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, მიდის ელჩებთან კონსულტაციები, თუმცა, ვფიქრობთ, რომ რიგი ოპოზიციური პარტიები ამ საკითხებს ხელს მოაწერენ. „ქართულ ოცნებას“ აქვს და ჰქონდა კონკრეტული ნება და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ უკვე კიდევ ერთხელ კონკრეტულად გამოავლენს ნებას დანიელსონის მიერ დასმულ ყველა საკითხთან დაკავშირებით ისე, რომ როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ასევე მთლიანად საზოგადოება დარწმუნდება „ქართული ოცნების“ ნებაში, რომ მოლაპარაკება დასრულდეს კონკრეტული შედეგით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.