გიორგი ამილახვარი - მინდა, თითოეულ პედაგოგს დავუდასტურო მხარდაჭერა და პატივისცემა, განსაკუთრებული პროფესიის წარმომადგენლები არიან, შეუძლიათ, ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე გავლენა იქონიონ
გიორგი ამილახვარი - მინდა, თითოეულ პედაგოგს დავუდასტურო მხარდაჭერა და პატივისცემა, განსაკუთრებული პროფესიის წარმომადგენლები არიან, შეუძლიათ, ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე გავლენა იქონიონ

ძვირფასო მასწავლებლებო, ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთ მყარ საფუძველს თქვენ ქმნით, მასწავლებელი და მოსწავლე ორი განუყოფელი ნაწილია, რომელიც ერთმანეთს ავსებს და ეს ერთობა ქმნის სკოლას, საზოგადოებას და სახელმწიფოს, – ასე მიმართა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პედაგოგებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ამილახვამა აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესიას, გმირ პედაგოგებს განსაკუთრებული დაფასება სჭირდება.

„მადლობა ყველას მობრძანებისთვის. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური დღეა. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად აღვნიშნო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი – მასწავლებლის პირველი ეროვნული დღე, რომელსაც ამიერიდან ყოველწლიურად თქვენს ზეიმად ვაქცევთ. მინდა, დღეს საჯაროდ, თქვენთან ერთად მადლობა გადავუხადო განათლების დიდ გულშემატკივარს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. იცოდეთ, რომ ის თქვენი დიდი მხარდამჭერია და სწორედ მისი ხელშეწყობით, უახლოეს მომავალში, როგორც თავად დააანონსა, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ თქვენი შრომის ღირსეულად დაფასებისთვის. პრემიერ-მინისტრი პირადად იყო და არის ჩართული ყველა პროცესში და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით და ერთად ვზეიმობთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. ყოველთვის ხაზს ვუსვამ მასწავლებლის პროფესიის უდიდეს როლს საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში. ახლაც მინდა, თითოეულ პედაგოგს დაგიდასტუროთ ღრმა პატივისცემა და მხარდაჭერა. თქვენ განსაკუთრებული პროფესიის წარმომადგენლები ხართ და შეგიძლიათ, ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე გავლენა იქონიოთ. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული, როგორი თაობა ეყოლება ჩვენს ქვეყანას. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მასწავლებლის პროფესიას, ჩვენს გმირ პედაგოგებს განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ამ მიზნით მივიღეთ მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესების გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად გამოვავლენთ და დავაჯილდოვებთ ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებს.

ძვირფასო პედაგოგებო, კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვით თავდადებისთვის. გახსოვდეთ, რომ ყველა თქვენგანი ჩვენთვის ძვირფასია. არ აქვს მნიშვნელობა, დღეს ამ სცენაზე ამოხვალთ თუ არა, თვალს გვადევნებთ დარბაზიდან თუ ტელეეკრანებიდან, ჩვენ თანაბრად ვიზრუნებთ თითოეულ თქვენგანზე და გავაგრძელებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას. მე მასწავლებლის ოჯახში ვარ გაზრდილი. შესაბამისად, ვიცი, რა დიდ პასუხისმგებლობასთან, შრომასთან და თავდადებასთან არის დაკავშირებული ეს პროფესია. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მიხარია, როდესაც ვხედავ, რამდენი ღირსეული და ღვაწლმოსილი პედაგოგი გვყავს, რომელთაც სრულად აქვთ გათავისებული საკუთარი მისიის მნიშვნელობა და დღემდე ერთგულად ემსახურებიან თავიანთ პროფესიას და ჩვენს ქვეყანას. ძვირფასო მასწვლებლებო, ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთ მყარ საფუძველს თქვენ ქმნით, მასწავლებელი და მოსწავლე ორი განუყოფელი ნაწილია, რომელიც ერთმანეთს ავსებს და ეს ერთობა ქმნის სკოლას, საზოგადოებას და სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. მთელი გულით წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში ჩვენი შვილების და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მინისტრმა.