გიორგი ამილახვარი - შეთანხმება შესაძლებელია ყველა საკითხზე, თუ ჩვენი ოპონენტები ულტიმატუმის ენაზე საუბარს მოიშლიან, ამოვლენ ქვეყნის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან
გიორგი ამილახვარი - შეთანხმება შესაძლებელია ყველა საკითხზე, თუ ჩვენი ოპონენტები ულტიმატუმის ენაზე საუბარს მოიშლიან, ამოვლენ ქვეყნის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან

შეთანხმება შესაძლებელია ყველა საკითხზე, თუ ჩვენი ოპონენტები ულტიმატუმის ენაზე საუბარს მოიშლიან, ამოვლენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მთელი პასუხისმგებლობით მინდა, ვთქვა, რომ ყველა იმ საკითხზე, რაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს, შესაძლებელია შეთანხმება, თუ ოპონენტების მხრიდან გამოვლენილი იქნება რეალური კომპრომისი. ისე არა, კომპრომისს რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ეძახიან. ეს გვერდზე უნდა გადავდოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ ქვეყნის გამოწვევებიდან, ხვალინდელი დღიდან გამომდინარე. ხაზგასმით ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ისეთი არავითარი საკითხი, რომელზეც არ შეიძლება, შეთანხმება შედგეს; არ არსებობს წითელი ხაზი, გარდა ერთისა, რომ ყველა საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. ჩვენთვის აი, ეს არის ერთადერთი წითელი ხაზი და წყალგამყოფი. შეთანხმება შესაძლებელია ყველა საკითხზე, თუ ჩვენი ოპონენტები ულტიმატუმის ენაზე საუბარს მოიშლიან, ამოვლენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან“, – განაცხადა ამილახვარმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, განხილვის საგანი იყოს ვადამდელი არჩევნების საკითხი, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, განხილვის საგანი ვადამდელი არჩევნებიც იყოს, თუ არჩევნების გაყალბება რამე ფორმით დადასტურდება, სხვა შემთხვევაში კი რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაყენების შესაძლებლობა სამართლიანობის პრინციპს სცდება.

„როდესაც ჩვენი ოპონენტები რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ განცხადებებს ეფუძნება, თითქოსდა, არჩევნები გაყალბდა. ეს მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ევროკავშირის და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები და ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ხაზგასმით ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარებული იყო სამართლიანად და კონკურენტუნარიან პირობებში. ამის უგულებელყოფა უბრალოდ, არ შეიძლება და როგორ შეიძლება, ჩვენი ოპონენტები იყვნენ მართალი, როცა მთელი დანარჩენი მსოფლიო ამაზე საერთოდ არ აპელირებს?! ეს შეუძლებელია. სამართლიანობის პრინციპია ის, რომ თუ არჩევნების გაყალბება რამე ფორმით დადასტურდება, რისი მექანიზმებიც ოპონენტებისთვის შეთავაზებული გვაქვს, რა თქმა უნდა, გაჩნდება სამართლიანობის პრინციპი, რომ აუცილებელია, რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაყენების შესაძლებლობა დადგეს. სხვა შემთხვევაში, ეს სცდება სამართლიანობის პრინციპს და რა თქმა უნდა, აქ აზრთა სხვადასხვაობა იქნება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.