გიორგი ამილახვარი - სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასკოლო კვების პრობლემის აღმოსაფხვრელად, შევთავაზეთ ყველა დეპუტატს, ამ საკითხებზე პოლიტიკის მიღმა ვიმუშაოთ
გიორგი ამილახვარი - სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასკოლო კვების პრობლემის აღმოსაფხვრელად, შევთავაზეთ ყველა დეპუტატს, ამ საკითხებზე პოლიტიკის მიღმა ვიმუშაოთ

გვაქვს გამოწვევები და სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც სასკოლო კვებას ეხება. დღეს, ინტერპელაციის ფარგლებში, ყველა დასმულ კითხვაზე გავეცი სრულყოფილი პასუხი და, ბუნებრივია, შევთავაზეთ ყველა დეპუტატს, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, ვისაც სურს, რომ პოლიტიკის მიღმა ვიმუშაოთ ამ საკითხებზე, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიაჩნია, რომ განათლება და მეცნიერება, მათ შორის, ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი არის და უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა.

„ვისაც აქვს ძალა და შესაძლებლობა, რომ მოვიდეს, გულწრფელად იმუშაოს ჩვენთან ერთად, სამინისტრო ნებისმიერ ადამიანს გაუღებს კარს, რათა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გავცვალოთ მოსაზრებები. ეს არის კომპლექსური, სექტორული პრობლემა და არ ეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ეს არის ინფრასტრუქტურის საკითხები, რომლებიც აქტუალურია სასკოლო განათლებაში. ათასზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობის პროექტი და გეგმა გვაქვს გამოცხადებული, რომელიც მიმდინარეობს, ეს არის დაკავშირებული სურსათის უვნებლობასთან, ბუფეტების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან. შესაბამისად, ამ ყველაფრის მოგვარების კვალდაკვალ დადგინდება დრო და ეტაპი, რომ ჩვენ დავიწყოთ სასკოლო კვების პრობლემაზე მუშაობა. სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო რესურსების სხვადასხვა პრობლემის მოგვარებასთან ერთად, ვიმუშავებთ სასკოლო კვების დანერგვის პროგრამაზე. მანამდე თქვენ იცით, რომ ძალიან მაღალი სოციალური პაკეტები განსაზღვრა „ქართულმა ოცნებამ“, თუ ეს 50 ლარი იყო, დღეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს და მათ ბავშვებს აქვთ 200-ლარიანი დაფინანსება. ბუნებრივია, ამის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება“, – აღნიშნა ამილახვარმა.

რაც შეეხება სასკოლო კვების პრობლემების აღმოფხვრის ვადებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტული ვადის დასახელება არ იქნება სწორი, რათა მოსახლეობა არ შეიყვანონ შეცდომაში.

„ეს დაკავშირებულია სასკოლო ინფრასტრუქტურის იმ პროექტების მოგვარებასთან, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და გაწერილია რამდენიმე წელზე, პარალელურად, ვამუშავებთ რამდენიმე ვერსიას, რომ ეს შესაძლებელი იყოს გარკვეულ ეტაპზე, როდესაც სასკოლო ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი მაინც იქნება მოგვარებული. მილიარდიანი პროექტი უკვე დაწყებულია. პარალელურად, შევძლებთ გარკვეული კონცეფციებისა და პროექტების შეთავაზებას ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის სასკოლო კვებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.